„კოვიდ 19 იყო ტესტი ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის და საქართველომ დაამტკიცა, რომ ბიოლოგიური საფრთხეების მართვა შეუძლია, დაამტკიცა, რომ არაერთ ქვეყანაზე უკეთ შეძლო ამ საფრთხეების მართვა და მისი გავრცელების შეკავება. ამის უკან დგას სახელმწიფო ინსტიტუტები, დგას ჩვენი საზოგადოება და თანამოქალაქეები და დგას ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში შევასრულეთ“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძემ იმ მიმართულებებსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომლებმაც ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში წარმატების მოპოვების შესაძლებლობა მისცა. მისივე თქმით, ესენია ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის დარგები და ამ სფეროებში განხორციელებული რეფორმები.
„კოვიდ 19-თან ეფექტური ბრძოლა შეუძლებელი იქნებოდა, „ქართულ ოცნებას“ პრიიორიტეტად რომ არ ჰქონოდა ჯანდაცვის რეფორმები, რომ არ შემოეტანა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და ჯანდაცვის სექტორში ის ინვესტიციები არ გაეკეთებინა, რომელიც ამ წლების განმავლობაში გაკეთდა. სხვათა შორის, ეს იყო ერთ-ერთი სფერო, სადაც ჩვენი ოპონენტები ძალიან მკაცრად გვაკრიტიკებდნენ ამ წლების განმავლობაში. მეორე-საქართველოსთვის კრიტიკული იყო უწყვეტი მომარაგების საკითხი კოვიდ ინფექციის დროს. როდესაც მთელ რიგ ქვეყნებს ჰქონდათ ხორბლით მომარაგების პრობლემა, დამცავი საშუალებებით მომარაგების პრობლემა, ლოჯისტიკური პრობლემები, ამ დროს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურმა ბლოკმა კარგად უზრუნველყო ქვეყნის მომარაგების პროცესი. ეს მოხდა იმით, რომ ჩვენმა ეკონომიკამ, ჩვენმა სოფლის მეურნეობის სექტორმა, შეძლო ზუსტად ამ გამოწვევის დროს, ძალიან ეფექტური პასუხის ჩამოყალიბება. გვაკრიტიკებდნენ და დღეს დავინახეთ, რომ ზუსტად ამ რეფორმებმა შესაძლებელი გახადა, რომ საქართველომ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.