„მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრები ჩატარდა, ამერიკის კონგრესის მთელი ყურადღება ამ გადაწყვეტილებებით, რჩება საპარლამენტო არჩევნებზე და სხვათა შორის, კანონპროექტიდან ამოიღეს კენჭისყრამდე ორი პუნქტი, რომელიც მედიის თავისუფლებას და პარტიებს ეხებოდათ, ვინაიდან, ორივე მიმართულებით, ჩვენ გავატარეთ რეფორმები და მივიღეთ ძალიან პროგრესული კანონმდებლობა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტის აშშ-ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ყურადღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეა კონცენტრირებული.
„ჩვენი მხრიდანაც, რასაკვირველია, მთელი ყურადღება არის კონცენტრირებული საპარლამენტო არჩევნებზე. ვემზადებით, რომ 2020 წლის არჩევნები მართლაც იყოს ის შესაძლებლობა, სადაც ჩვენ დავუმტკიცებთ ჩვენს თანამოქალაქეებს და პარტნიორებს, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ - ეს არის უდავო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები მართლაც გარდამტეხი და სამაგალითო იყოს.
„ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი ზუსტად ემთხვევა იმ პრიორიტეტს და იმ სულისკვეთებას, რაც საქართველოს აქვს. ანუ, პარტნიორები ამბობენ, რომ საქართველომ უნდა ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ საქართველომ არა მხოლოდ დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატაროს, საქართველომ უნდა ჩაატაროს უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე, კოვიდისგან უსაფრთხო და თანაც, არსებითად პროპორციული არჩევნები. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ და არაერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით ამის მოსამზადებლად, რომ ეს არჩევნები მართლაც იყოს გარდამტეხი და სამაგალითო“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან საზოგადოებას შეახსენა ისიც, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამერიკის კონგრესმა საქართველოს მიმართ დაფინანსება 40 მილიონზე მეტით გაზარდა.