ავტორი ალა გრიგალაშვილი
„გუშინ საზოგადოებამ ოდესელი რეჟისორის მიერ დადგმული მორიგი სპექტაკლი იხილა. სპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლს ნიკოლოზ გვარამია ასრულებდა", - ამის შესახებ „რეპორტიორს" „ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერმა ზურაბ ქადაგიძემ განუცხადა.
ქადაგიძის თქმით, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის გუშინდელი განცხადებით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
„ბატონი გვარამია აპელირებს კონსტიტუციაზე, მის ერთგულებაზე და ა.შ. მახსენდება ის დრო, როდესაც ის და მისი გუნდი მართვდა სახელმწიფოს, აღნიშნული პერიოდი გახლავთ ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელო. გვარამია მენტორული ტონით გვიკითხავს ამონარიდებს კონსტიტუციიდან, მოითხოვს კონსტიტუციაში ჩაწერილი ნორმების დაცვას (რომელიც არ დარღვეულა), საკუთარ თავს კი თავს კანონზე მაღლა აყენებს და არღვევს კონსტიტუციას. მინდა შევახსენო ნიკოლოზს, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლში პირდაპირ წერია, „ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რელიგიის, რასის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა". დემოკრატიულ სახელმწიფოში არავის აქვს უფლება, იყოს კანონზე მაღლა!
მის გამოსვლაში ასევე იყო ირიბი მუქარა (მოწოდება) სახელმწიფო ამბოხის შესახებ. რაც დასჯადი ქმედება გახლავთ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 315). მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პიროვნების გუშინდელი განცხადებებით.
გვარამიას ბოლო სიტყვები კი მისი გამოსვლის ნამდვილი აპოგეა გახლდათ, როდესაც საუბარი შეეხო დასისხლიანებული სახეების ხილვას. ნიკოლოზ, მინდა გითხრა, რომ დღეს სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება, ეს 2007 წელი აღარ არის, როდესაც საქართველომ იხილა პირადად შენი დავალებით „იმედის" დასისხლიანებული ჟურნალისტები. მშვიდად იყავით, თქვენს წინააღმდეგ ბრძოლას თქვენივე (შენივე) მეთოდებით არავინ აპირებს", - აცხადებს ქადაგიძე.