საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის შექმნით გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, ფასები კი იქნება უფრო მეტად კონკურენტული. გარდა ამისა, ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებას ენერგეტიკის სექტორში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“.
მისი თქმით, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად ქვეყანაში მიმდინარეობს ევროპული ტიპის ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად დადებითი გზავნილია და ქვეყნის მასშტაბური ენერგეტიკული რეფორმის მიზნებს სრულად პასუხობს. ენერგეტიკული ბირჟის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დღით ადრე და შემდგომში დღიური ბაზრების, აგრეთვე ორმხრივი ხელშეკრულებების სავაჭრო პლატფორმების გამართვა და ბაზრის ამ სეგმენტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამისათვის ენერგეტიკულ ბირჟას ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე აქვს.
ელექტროენერგიის მწარმოებლები და მიმწოდებლები ერთმანეთს ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმაზე შეხვდებიან, მყიდველიც და გამყიდველიც მათთვის მისაღებ ფასზე განაცხადს გააკეთებს. ფასის ოპტიმიზაციის ალგორითმით (რომლითაც ელექტროენერგიის ფასი დგინდება ევროპის უმრავლეს ენერგეტიკულ ბირჟებზე) მოხდება ყოველი საათის ფასის გაანგარიშება, რომელიც საჯარო გახდება ვაჭრობის დასრულებისთანავე. საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კომპლექსური ენერგეტიკული რეფორმის ნაწილია, რომლის მთავარ მიზნებსაც ქვეყანაში კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ასევე მომხმარებლისთვის ენერგორესურსების უსაფრთხო მიწოდება, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგენს.
ელექტროენერგიის თავისუფალი, კონკურენტული და საათობრივი ენერგეტიკული ბაზრის დანერგვა ენერგეტიკულ თანამეგობრობაში საქართველოს გაერთიანების ფარგლებში ხორციელდება. ამით ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე, დაინერგება ვაჭრობის ევროპული მოდელი, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის.