ნუ მივეცემით ზედმეტ თავდაჯერებას, ნაადრევად ნუ ჩავთვლით რომ ყველაფერმა ჩაიარა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ახალი შემთხვევების მინიმალური ზრდა, ექიმებისა და სახელმწიფო ვერტიკალის მიერ ეფექტური საპასუხო ზომების მიღებაზე მეტყველებს.
„ის რომ საქართველოში, პრაქტიკულად ყველა შეზღუდვის მოხსნის შემდეგ თითქმის არ გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა, ან მინიმალურად გაიზარდა, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ექიმებისა და სახელმწიფო ვერტიკალის მიერ გატარებული საპასუხო ზომები არა მარტო დროული, ეფექტიანი ადეკვატური იყო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს, არამედ ეს საპასუხო ზომები მდგრადი აღმოჩნდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1131 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 920 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6183 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 302, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.