logo_geo
eng_logo
პრემიერი: ოთხი საერთაშორისო მიმართულება გვაქვს, რომლითაც ქვეყანაში უამრავი ვიზიტორი შემოდის!
- +

1 მარტი. 2016. 16:59



„უმასპინძლე საქართველოში" - რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი დაემატა.


პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება/გადაიარაღება, გააფორმოს „ფრენჩაიზინგის" ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. 


პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში"  დაეხმარება რეგიონებში მოღვაწე მეწარმეებს, წამოიწყონ საკუთარი საქმე სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში, ააშენონ ახალი სასტუმროები,  გააფართოონ და გადააიარაღონ არსებული ინფრასტრუქტურა.

 

„დღევანდელი პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსებას. ეს პროგრამა იწყება იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ ახალი პროგრამა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება. პროგრამა. „უმასპინძლე საქართველოში" მიხედვით, სასტუმროებს საშუალება ექნებათ, გააფორმონ ხელშეკრულებები საერთაშორისო ბრენდებთან და სახელმწიფო მოახდენს ამ ხელშეკრულებების თანადაფინასებას", - განაცხადა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარების მიმართულებით, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც  მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.


„მთავრობის სხდომაზე მივიღეთ დადგენილება, რომ განვავითაროთ და კომპლექსურად შევისწავლოთ ბახმაროს კურორტის არსებული ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები და დავდოთ განვითარების გეგმა, მაგრამ ბახმარო არ იქნება ერთადერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობა უახლოეს მომავალში იმუშავებს. არსებობს უამრავი საინტერესო მიმართულება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება კურორტი ლებარდე, აბასთუმანი და სხვადასხვა ახალი მიმართულებები, რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მისივე განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პირდაპირი ფრენების განვითარების მიმართულებით და  წელს კომპანია „ვიზეარი" საქართველოში პირველ რეგიონულ ბაზას გახსნის.


„ჩვენ უკვე გვაქვს ოთხი საერთაშორისო მიმართულება, რომლებიც ძალიან აქტიურია და რომელი მიმართულებებიდანაც საქართველოში უამრავი ვიზიტორი შემოდის. ეს გახლავთ უნგრეთში - ბუდაპეშტი, პოლონეთში -კატოვიცე და ვარშავა, ლიტვაში - ვილნიუსი და კიდევ 7 ახალი მიმართულება დაემატება, რაც ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს ტურისტებს, რომ გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოში მოგზაურობა და მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ ევროპისკენ მიმართულებები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. თუ ამას დავამატებთ ვიზა-ლიბერალიზაციის შესაძლებლობებს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის უდიდესი პერსპექტივა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იხსნება, მათ შორის წვრილი ბიზნესმენებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომ მათ იმოგზაურონ ევროპაში და დაიწყონ ახალი ბიზნესი ამ მიმართულებით, რომლის მომავალიც დაუკავშირდება ევროპას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა ინფრასტრუქტურის განვითარებაში. 


„ეს იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისი-აბასთუმანის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ქუთაისი-სვანეთის მიმართულებით, ეს იქნება ახალი გზა, რომელიც დააკავშირებს გომსა და რაჭას, ეს იქნება ის ძირითადი მაგისტრალური გზები და ძალიან სწრაფი დასრულება მაგისტრალური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშირება რეგიონის ბიზნესებთან იქნება აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ეს არის აბრეშუმის გზის ის პოტენციალი და დინამიზმი, რომელიც მოაქვს კავკასიაში და საქართველოს გავლით ევროპაში",- განმარტა პრემიერმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner