თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილესა და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის საკრებულოსა და „ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს თბილისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და ა(ა)იპ ,,ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია'' (AIWA) - ს პრეზიდენტმა ლანა ღოღობერიძემ მოაწერეს ხელი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიზნით გაფორმდა, ხელოვანი ქალებისთვის სათანადო გარემო-პირობების, ხელოვნების, როგორც ეკონომიკურად სტაბილური სფეროს განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
მემორანდუმი ასევე საერთაშორისო სახელოვნებო კავშირების გაძლიერებას და ხელოვან ქალთა მხარდაჭერის მიზნით, კულტურულ-საგანმანათლებლო ფორუმების, კონფერენციების, შეხვედრების, გამოფენების, ასევე ფესტივალებისა და ,,მასტერკლასების'' წახალისებას გულისხმობს.
აღნიშნული მემორანდუმის შესაბამისად, ,,ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია'' მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეუწყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ორგანიზებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - ,,თბილისი'' - პოპულარიზაციას და კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა.