თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოითხოვს, საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, თუ ვინ უკავშირდებოდა მას და ეუბნებოდა, რომ მისი შვილი საფრთხეში იყო.
„ერთმა მითხრა, რომ შენი შვილი დიდ შარშია გახვეულიო. მეორე დღეს დავურეკე მას, თუმცა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა. არ პასუხობდა. მერე გზა რომ გადაკეტეს, მოვიდა ჩემთან და მეუბნება - ჩვენ ასე ვილაპარაკეთო? ანუ მე დამიძახეს სავაჭროდ აქ. მე პასუხი არაფერი არ მიმიღია, ის პიროვნება არ დაგვხვდა აქ. გამომძიებელთან და უფროსთან მე პრეტენზია არ მაქვს. ვითხოვ, სამინისტროში გადავიდეს საქმე“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა გუშინ არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.