logo_geo
eng_logo
ადვოკატის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილს მისდევდნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ., ხოლო "გზა მოუჭრეს" არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა
- +

28 ივლისი. 2020. 01:33

 

 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე იმ პირებს ასახელებს, რომლებიც გზის ერთი მხრიდან გიორგი შაქარაშვილს ჩაჰყვნენ, ხოლო ნაწილმა გზა გადაუღობა და მისივე განცხადებით, არაგვის პირას განზრახ მკვლელობა განახორციელა.

 

როგორც მირიან ნიკოლაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, "ტოიოტა ქამრი"-ში მყოფი პირებიდან სამი, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს მისდევდა, იყვნენ: ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. ხოლო პირები, რომლებმაც "გზა მოუჭრეს" შაქარაშვილს ფერდობზე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილია.

 

რაც შეეხება მანქანაში მყოფ კიდევ ერთ პირს, ვასილ მახარაძეს, ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში მახარაძის როლი ირკვევა, თუმცა მასთანაც იგივე პრეტენზია აქვს ოჯახს, რაც ზემოთხსენებულ პირებთან.

 

"სამი, რომელიც გიორგის მისდევდა, რომელთან ერთადაც ხიდი გადმოკვეთეს და ცენტრალური გზა ესენი გახლავთ: ჩიქოვანი და ორი არასრულწლოვანი (ზ.ხ. და ა.ქ.) მეორე მხრიდან ცხადია და ნათელია ახვლედიანის ჩვენებიდან, რომ იყვნენ გაგნიძე და რევაზიშვილი, რომლებმაც გზა მოუჭრეს გიორგის. მახარაძის როლი ნელ-ნელა ირკვევა, რა შეეძლო მას მოემოქმედებინა იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ფაქტია, რომ ის მანქანიდან გადმოვიდა, გაეკიდა სხვა პირებთან ერთად გიორგის და მასთან მყოფ ბავშვებს და კონკრეტულად, რა ქმედება განახორციელა მახარაძემ დადგინდება ზუსტად. მახარაძესთანაც იგივე პრეტენზია გვაქვს, რაც დანარჩენებთან", - აღნიშნა ნიკოლაძემ.

 

როგორც მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, მას აქვს მოლოდინი, რომ საქმეს გამოძიება ბოლომდე მიიყვანს. მისი თქმით, შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია არ არის მხოლოდ ვერსია და ეს მტკიცებულებებით მყარდება.

 

"ოჯახის პოზიცია არ არის მხოლოდ ვერსია, ეს არის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე და ბოლოს უკვე ახვლედიანის და ამირხანაშვილის ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და იძლევა სურათს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. საუბარია, რომ სამი პირი გიორგის ჩაჰყვა გზის ერთი მხრიდან, ხოლო ორმა პირმა, შესაძლოა, სამმაც ( ახლა ირკვევა, ვის რა ფუნქცია ჰქონდა და ახორციელებდა) ბავშვს გზა მოუჭრეს, დაედევნენ ფერდობზე და არაგვის პირას განზრახ მკვლელობა განახორციელეს. მაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეს გამოძიება ბოლომდე მიიყვანს. ბრალს წაუყენებენ ექვსივე მათგანს და საბოლოო ჯამში სასამართლოშიც გამამტყუნებელი განაჩენი დადგება",- აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

 

მისივე თქმით, საქმის მასალების მიხედვით აღნიშნული ეპიზოდის აღდგენა შესაძლებელია.

 

"როდესაც "ტოიოტა ქამრი" ჩერდება, იქიდან პირები გადმოდიან, თავდაპირველად ახვლედიანის ჩვენებით ის ხედავს ორ პირს, სახელებსა და გვარებს უთითებს, საუბარია გაგნიძეზე და რევაზიშვილზე. გაგნიძე და რევაზიშვილი ჩადიან, არ გადმოკვეთენ ავტობანს, ისე ჩარბიან გზის იქითა მხრიდან. საბოლოო ჯამში, ჩანს, რომ სამი პირი, რომელიც მისდევს და ამ სამ პირს ამირხანაშვილი ასახელებს და ახვლედიანიც საუბრობს ამაზე, რომ ესენი არ იყვნენ ის პირები, რომლებიც თავიდან გადმოვიდნენ "ტოიოტა ქამრიდან". ანუ, აქ კარგად, ცალსახად არის გამიჯნული, მკითხაობა არ უნდა, ასე ნაწილდება მათ შორის როლები. საბოლოოდ, ეს ადამიანები გიორგის მოიმწყვდევენ ხიდის სვეტებთან. ამით გაეცა პასუხი - ბუნებრივია, იყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ბავშვმა რატომ მიიღო გადაწყვეტილება ფერდობის მიმართულებით სიბნელეში დაშვებულიყო, როცა მას თავისუფლად შეეძლო ამორბენა, მას ვერ დაეწეოდნენ გამოდევნებული პირები. სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, იქ ლოგიკურად, რეალური ვითარების აღდგენის თვალსაზრისით თქვენ ვერც ერთ ალტერნატიულ გზას ვერ იპოვით, თუ წინიდან არ გიღობავენ გზას, რომ წახვიდეთ ფერდობის მიმართულებით, მდინარისკენ სიბნელეში. ეს ასეა, ეს არის დადასტურებული", - აცხადებს ნიკოლაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner