„ჩვენში ცოტა შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში გამოჩნდა შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „ახალ დღეში“ განაცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, გამოიკვეთა ახალი კლასტერები, ეს არის ლილოს ბაზრობა და გაჩიანი.
„კორონავირუსს ცალკე ქვეყანა ვერ დაამარცხებს, მთელმა დედამიწამ ერთად უნდა დაამარცხოს, მარტო საქართველო კორონას ვერ მოერევა, კორონა ვიდრე დედამიწაზე იქნება, ყოველთვის იქნება ეპიდემიის რისკი ჩვენთანაც. ჩვენში ცოტა შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში გამოჩნდა შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები, არის ახალი კლასტერები, ლილო, გაჩიანი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები. შემოტანილი არის ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ბრუნდებიან საზღვარგარეთიდან, ასევე არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც ერთი წუთით არ გაჩერებულან, ეს არის სავაჭრო არტერიები და არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ამ გზების გაჩერება. ამაზე ჩვენ მკაცრი კონტროლი გვაქვს. ბევრი კი უკმაყოფილოა კარანტინის რეჟიმის გამო, როცა ჩამოდიან ქვეყანაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ დაახლოებით შემთხვევების მესამედი, რაც არის ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული, სწორედ ამ საკარანტინო ზონებიდან არის გამოვლენილი და ახლა ეს ადამიანები, რომ თავიანთ ოჯახებში მისულიყვნენ, გავრცელება იქნებოდა უფრო მაღალი. პირველ რიგში, როგორ ვრცელდება ეს დაავადება ახლო კონტაქტებით, ხანგრძლივი კონტაქტებით, ეს არის ოჯახის წევრები და სამუშაო ადგილებზე ახლო წრე, ამიტომაც გვაშფოთებს ჩვენ ეს შემთხვევები“, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, დღესაც ხუთი ჯგუფი იმუშავებს ლილოში, ამდენივე გაჩიანში, რათა მაქსიმალურად მოხდეს ყველა შესაძლო ინფიცირებულის გამოვლენა, დროულად მოხდეს მათი იზოლაცია, მკურნალობა, მათი კონტაქტების გამოვლენა, მათზე დაკვირვება.
„ჩვენი რუტინული სამუშაო გრძელდება. ერთი თხოვნა მაქვს ყველა ჩვენი მოქალაქისადმი, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენ კოლეგებს, ეპიდემიოლოგებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, არიან ყველგან საქართველოში, სადაც საჭიროა გამოკვლევა. მოსახლეობისგან ერთი არის, რომ დაგვთანხმდნენ გამოკვლევაზე“, – განაცხადა იმნაძემ.