logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ყველა სავალდებულო აცრა უნდა ჩატარდეს, რათა სხვა ეპიდემიებმა არ იფეთქოს
- +

28 ივლისი. 2020. 11:14

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში 10 საზოგადოებრივ-ჯანდაცვით სახელმწიფო პროგრამაზე, როგორიცაა მაგალითად, იმუნიზაცია, უსაფრთხო სისხლი, C ჰეპატიტზე სკრინინგი და ა.შ.

 

როგორც გამყრელიძემ საქართველოს „პირველი არხის“ გადაცემაში „პირადი ექიმი“ განაცხადა, პანდემიის გამო, 6 თვის სამიზნე თითქმის არც ერთ პროგრამაში არ არის მიღწეული.

 

გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული განაპირობა იმან, რომ რესურსები კოვიდის წინააღმდეგ იყო კონცენტრირებული.

 

თუმცა, გამყრელიძე ამბობს, რომ ივლისიდან დაიწყო ყველა პროგრამის კვლავ აქტიურად განხორციელება, მათ შორის ფლაგმანია ჰეპატიტის პროგრამა.

 

„6 თვეში დამატებით 300 000 ადამიანის სკრინინგი იყო დაგეგმილი, თუმცა 120-130 ათასით ჩამორჩენაა. თანდათანობით დავეწევით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდშიც დიდი ყურადღება ექცეოდა ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამას.

 

„სულ ვეუბნებოდით მშობლებს, მაგრამ „დარჩი სახლში“ მოწოდების დროს, მშობელს ვერ მიჰყავდა ბავშვი პოლიკლინიკაში ასაცრელად. მაგრამ ახლა ეს აუცილებელია, იმუნიზაცია აუცილებელია, რათა სხვა ეპიდემიებმა არ იფეთქოს შემდეგ ქვეყანაში.

 

ექიმთან კონსულტაციით უნდა განხორციელდეს ყველა სავალდებულო აცრა, რაც ბავშვს ეკუთვნის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

გარდა ამისა, გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა წითელას საწინააღმდეგო აცრაზე.

 

„შარშან წითელა ჩავაქრეთ, წელს გვაქვს სულ 12 შემთხვევა, რომელიც არ არის ცუდი, შარშან გვქონდა რამდენიმე ათასი და ეს მოვახერხეთ იმით, რომ შარშან დამატებით 150 000 ავცერით, განსაკუთრებით მოზრდილი. წელს სულ 20 000-ია ექვს თვეში აცრილი. გვინდოდა სადღაც 50 000 დამატებითი აცრა, მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდმა წაიღო რესურსი და ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ახლა უნდა „დავქაჩოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner