ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის დასრულდა და უკვე ცნობილია, თუ რომელი გუნდები ითამაშებენ 1/8-ფინალურ ეტაპზე. B ჯგუფი ინტრიგას ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა, თუმცა საბოლოოდ, მომდევნო ეტაპზე ღირსეულები გაივდნენ.
უელსის ნაკრებმა, ბევრისთვის მოულოდნელად, სლოვაკეთის ნაკრები დაამარცხა, ინგლისთან დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდა, რუსეთი გაანადგურა და B ჯგუფი პირველი ადგილით დატოვა.
ინგლისელებმა ცუდი სტარტი აიღეს - პირველ მატჩში რუსეთთან ფრეს დასჯერდნენ - 1:1, თუმცა შემდეგ უელსი 2:1 დაამარცხეს და ბოლო ტურში სლოვაკეთთან, ძალების დაზოგვით, საჭირო 1 ქულა მოიპოვეს და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდნენ.
ტურნირის ახალი რეგლამენტის მიხედვით, 1/8-ფინალში 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც ითამაშებს. რჩეულთა შორის, რა თქმა უნდა B ჯგუფის მესამე პოზიციაზე მყოფი სლოვაკეთიც გავიდა, რომელმაც მხოლოდ პირველი მატჩი წააგო უელსის ნაკრებთან, რის შემდეგაც რუსეთს 2:1 სძლია და ინგლისთან ნულოვან ფრეს დასჯერდა.
რაც შეეხება მეოთხე ადგილს, ამ ჯგუფში იგი რუსეთის ნაკრებს ერგო, რომელმაც ერთადერთი სასწაული პირველ შეხვედრაში მოახდინა და ფავორიტ ინგლისს ფრე - 1:1 დაუმთავრა. ამის შემდეგ რუსებმა სლოვაკეთთან 1:2 წააგეს, უელსთან კი 0:3 განადგურდნენ. მათ აქტივში მხოლოდ 1 ქულაა და ტურნირს გამოეთიშნენ.
1/8 ფინალურ ეტაპზე ინგლისის ნაკრები ისლანდიას შეხვდება, უელსი - ჩრდილოეთ ირლანდიას, სლოვაკეთი კი - გერმანიას.