დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ქალს, რომლის დაწვაც მისმა ყოფილმა შეყვარებულმა სცადა, ქვედა კიდურებზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
მედიკოსი ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა წინ რთული სარეაბილიტაციო პერიოდია.
„გოგონას მდგომარეობა უკეთესადაა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. გაუკეთდა ორი ქირურგიული ჩარევა - კანის გადანეგვა ქვედა კიდურებზე, ორივემ კარგად ჩაიარა. უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი ქირურგიულ განყოფილებაში გადაყვანა. მდგომარეობა სტაბილური და ადეკვატურია, თუმცა წინ საკმაოდ სერიოზული სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს გასავლელი“, - განუცხადა „დაიჯესტს“ გუგა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის 30 ივნისს 23 წლის ახალგაზრდა ქალის დაწვა მისმა ყოფილმა შეყვარებულმა სცადა. დაშავებულ სხეულის 37%-ის დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და დღემდე მკურნალობს.
ცნობილია, რომ კაცმა ქალს საკუთარ სახლთან ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მისი დაწვა სცადა. ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლია ამოღებული.
შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავს, რომელთა დახმარებითაც დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში დროულად გადაიყვანეს.
როგორც საქმის გარემოებებით დგინდება, წინასწარ განზრახული მკვლელობის შესასრულებლად 24 წლის მამაკაცი დანაშაულის ადგილიდან მოშორებით მდებარე ამ ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა. ბოთლით შეიძინა საწვავი და ყოფილი შეყვარებულის საცხოვრებელი სახლის მისამართისკენ გაემართა. ობიექტზე, სადაც დაკავებულმა ბენზინი იყიდა, დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელშიც პასუხისგებაში მიცემული პირიც მონაწილეობდა. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული დაუმტკიცდა, დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.