სამწუხარო რეალობაა, რომ, წლების განმავლობაში, ეს ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია დაეყრდნო საველე სამუშაოების ჩამტარებელ ისეთ ორგანიზაციას, რომელიც სუბიექტური იყო, უბრალოდ ვიღაცის საწინააღმდეგოდ კი არა, არამედ - ვიღაცის სასარგებლოდაც. ისინი წლების განმავლობაში თანამშრომლობენ კონკრეტულ, ისეთ ორგანიზაციებთან, რომელთაგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზეც, პოლიტიკურ ნაწილში, აცხადებენ, ისეთ მონაცემებს, რაც აცდენილია რეალობას. ამას აცდენაც აღარ ჰქვია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ საუბრისას.
„მახსოვს შემთხვევები, როცა 20%-იანი, 25%-იანი ცდომილებები ჰქონდათ. 2012 წელს მათ „ქართულ ოცნებას“ დაუწერეს 12%. თუ საქმე არ ეხება პოლიტიკურ განწყობებს, უფრო ზუსტად, პარტიების რეიტინგებს, მეტ-ნაკლები სიზუსტით, რეალური მონაცემები გვაქვს ხოლმე. ჩვენ დღეს ვნახეთ რეალურთან ძალიან მიახლოებული მონაცემი და ამის მიზანია, საზოგადოებაში გააჩინონ ნდობა. ხვალ და ზეგ მე ველი კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, სადაც ისევ მანიპულაციებზე გვექნება საუბარი. რეალობა არის ერთი - დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55%-ზე გაცილებით მეტი და მათი, მთელი „ნაცმოძრაობის“, მისი კლასტერის, კრიმინალური ოპოზიციისა და სხვა, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების, საერთო რეიტინგი, მაქსიმუმ 40%-ია. ესაა მოცემულობა. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზოგადოების, როგორც მინიმუმ, დეპრესიაში ჩაგდებას ცდილობს, საქართველო ვითარდება. შეიძლება, ჩვენ ვიკამათოთ დინამიკაზე, განვითარების ტემპებზე, კონკრეტულ თემებზე, თუ როგორ უნდა გადაწყვეტილიყო რაიმე საკითხი, მაგრამ ისინი ამ კამათში თავიანთ პერპექტივას ვერ ხედავენ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის. კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2 პროცენტს.