NDI საქართველოში საველე სამუშაოებს უკვეთავს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ნდობას არ იმსახურებს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის საარჩევნო ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.
„ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის დადებითი და პოზიტიური, ამას ყველა მივესალმებით. მივესალმებით NDI-ს წარმომადგენლობას. ჩვენ ამას ყოველთვის პატივისცემით აღვნიშნავთ, თუმცა ის მონაკვეთი, რომელსაც NDI უკვეთავს საქართველოში ორგანიზაციას, რომელიც კვლევებს აწარმოებს, ეს ორგანიზაცია არ იმსახურებს ნდობას. ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება, რომ კონკრეტულ პარტიებს უწევდნენ ანგარიშს“ - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის. კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2 პროცენტს.