საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჭანკოტაძის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს აქვეყნებს.
„მეგობრებო! ეს არის სტრასბურგის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ზურაბ ჭანკოტაძეზე... 10 წელი დასჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღებას... დღეს ზურა ცოცხალი აღარ არის... აღარ არიან ცოცხალი მისი დედაც და დაც... ყველა ამ საქმეს შეეწირა... გეკითხებით, ვინ უნდა აგოს ყოველივე ამაზე პასუხი... თუ ის საკომპენსაციო 35 ათასი ევრო აუნაზღაურებს ამ უსამართლო და აუნაზღაურებელ დანაკლისს მის შაკოს, ახლობლებს, მეგობრებს... ქვეყანას... საინტერესოა, „ობიექტური" მედია როგორ გააშუქებს ყოველივე ამას... ვეკითხები მათ, იყო თუ არა ზურაბ ჭანკოტაძე პოლიტიკური პატიმარი?!" - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჭანკოტაძის საქმეზე განაჩენი გამოიტანა და ვერდიქტის მიხედვით,საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ჭანკოტაძის სისხლის სამართლის წესით გასამართლებაზე არღვევს ადამიანის უფლებების შესახებ კანონს. სტრასბურგის სასამართლოს განაჩენით, საქართველომ ზურაბ ჭანკოტაძეს უნდა გადაუხადოს 20 000 ევრო მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით და 15 000 ევრო ხარჯების კომპენსაციის სახით.
ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე სამართალდამცველმა ორგანოებმა 2004 წლის მარტში, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.