სტიქიის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში პრობლემა შეიქმნა წყალმომარაგების კუთხითაც. ქალაქ ონში წყალმომარაგება 400 აბონენტს აქვს შეწყვეტილი.
შეფერხების მიზეზი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანება გახდა. ქალაქ ონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, ლევან შერაზადიშვილის ინფორმაციით, წყალმომარაგების აღდგენამდე აბონენტებს სასმელ წყალს წყალმომარაგების კომპანია სახლებში მიაწვდის.
სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რაჭაში 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი. მისივე ცნობით, დაზიანებულია 10 ხიდი, ცენტრალური მაგისტრალი კი სამ ადგილზეა ჩაწყვეტილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რაჭაში სტიქიის შედეგად წყალმომარაგების სისტემაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება.