სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენმა ონში ჩაკეტილი სოფლებიდან უკვე 21 მოქალაქე გამოიყვანა.
როგორც ონის მოსახლეობა აცხადებს, ისინი ე.წ. ხელოვნურ კუნძულზე გუშინ საღამოდან დღევანდელი დღის 15:00 საათამდე იმყოფებოდნენ.
„არანაირი პანიკა არ ყოფილა. ვიყავით მე და ჩემი 18 წლის ბიჭი ჩვენთვის ერთ კუნძულზე გაჩერებული და ცოტა შეგვეშინდა. სამაშველო თვითმფრინავმა ჩამოგვიყვანა. მივდიოდით მჟავე წყლებზე შოვში და რომ გადავედით, უკვე მეწყერი მოდიოდა ზემოდან. სადაც ჩვენ ვიყავით, იქ ორივე მხარეს ჩაწყდა გზა, წყალმა წამოიღო ქვები, ხეები დათხარა“, – აცხადებს ონის ერთ-ერთი მკვიდრი.
სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რაჭაში 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი. მისივე ცნობით, დაზიანებულია 10 ხიდი, ცენტრალური მაგისტრალი კი სამ ადგილზეა ჩაწყვეტილი. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.
წყარო : https://1tv.ge/news/onshi-garesamyaros-mowyvetili-soflebidan-21-moqalaqe-gamoiyvanes/