სოსო გოგაშვილი თანამებრძოლებს მიმართავს და 2012 წლის ამბებს იხსენებს:
“აჭარელებო 2012 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ანბანის კოშკთან, ბიძინა ივანიშვილი გეპატიჟებათ ყველას, გთხოვთ მობრძანდეთ. “
ვისაც გახსოვთ ეს ტექსტი, მაშინდელი შეგრძნება, აზარტი და ემოცია,მათ მინდა გავახსენო ერთი ისტორია.
5 აგვისტოს ბათუმის აქციას ვამზადებდით, როგორც ყოველთვის დაყოფილები ვიყავით ჯგუფებად. (ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო). მოგეხსენებათ “დემოკრატიის შუქურას” ვებრძოდით პოლიტიკურად. დღეს ოპოზიციაში მყოფი “დემოკრატი” nazziების, ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდიკა გამორიცხავდა ყველანაირ პოლიტიკურ ბრძოლას. ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ბინძური მეთოდებით-ზეწოლა, დაშინება, ცემა-ტყეპა, პროვოკაციები, ფარული მიყურადება, ფარული ვიდეოგადაღებები, ცილისწამება და აშ.
პარტია სავსე იყო ჩანერგილი აგენტებით შსს-დან (კუდი, სოდი, კრიმპოლი), თავდაცვის სამინისტროდან (სამხედრო პოლიცია, )ფინანსთა სამინისტროდან (ფინანსური პოლიცია).
აგენტურა იყო ყველა მიმართულებაში ჩანერგილი, მათ შორის ახალგაზრდულში. დავალება ჰქონდათ ყველა გამორჩეულისთვის ეძახათ აგენტი, რადგან დაბნეულობა შემოეტანათ შიგნით ახალ გუნდში. ასევე უნდა გაეტანათ ინფორმაციები. ჩვენ ბევრი მაშინვე გავშიფრეთ, ბევრზეც შემდეგ გავიგე სუსში მუშაობისას.
მოკლედ, ერთი დღეც არის და შუახევის ჯგუფმა გაშიფრა აგენტი-“ი.დ.”, რომელსაც მანქანაში ჰქონდა დამონტაჟებული აპარატურა და იღებდა ყველაფერს. რა თქმა უნდა საუბარი გავიდა ტელეფონით ამის შესახებ, გაიგო შსს-მ და მოვარდნენ “სოდი”-ს ოპერები, თავისი აგენტის გადასარჩენად. “დააკავეს” ის აგენტი გაუგებარი მიზეზით და მერე საერთოდ გააქრეს, გაიყვანეს უცხოეთში.
ცენტრმა ყველა გამოგვიძახა ბათუმში, ნავსადგურთან, იყო გვიანი ღამე, რომ მოვგროვდით. გვეგონა, რომ ყველას დაგვიჭერდნენ. მე მაშინ თან მახლდა ჩემი შუათანა შვილი ნიკა, რომელიც სულ თან დამყვებოდა იმ კამპანიის დროს. ქობულეთიდან ბათუმში, როგორ ჩავედით არ მახსოვს. მთელი გზა იმაზე ვფიქრობდით ნიკა სად დაგვემალა, რომ არ შეშინებოდა. გზაში ვანადგურებდით ბლოკნოტებს, სადაც გვეწერა ყველანაირი ინფორმაცია. ფურცელ-ფურცელ ვხევდით და ვყრიდით გზადაგზა. ტელეფონზე ვსაუბრობდით, რომ თითქოს მივდიოდით ოზურგეთში,(დეზას ვაგდებდით):) გზა რომ აგვებნია ჩვენი ჭკუით.
ეს ამბავი ეხლა გამახსენდა, 5 აგვისტო ახლოვდება და თან აქ ვარ ჩემს საყვარელ აჭარაში.
გენაცვალეთ “თორმეტიანელებო”, რაც ჩვენ გადაგვხდენია და გადაგვიტანია, ეეე.
ისე, ამ სიტყვის ხსენება ამ ბოლო დროს უკვე მეუხერხულება რაღაცნაირად, მაგრამ რა ვქნა, არ დამავიწყდება ის ემოცია.
არ ვართ იმის ჩიტები, რომ რევოლუციის შვილები გვეძახონ“- წერს გოგაშვილი.