ჰესები იწვევენ არა სტიქიებს, არამედ ხშირ შემთხვევაში, მათ ერთგვარი დამცავი ეფექტი აქვთ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „ღია ეთერში“ ისაუბრა.
მისი თქმით, ჰესები, ქარისა და მზის ენერგია და ზოგადად, განახლებადი ენერგიები გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია ბუნებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით.
„დღეს ბევრს საუბრობენ ჰესების მავნე ზემოქმედებაზე, მაგრამ ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინ, ძველი ეგვიპტელები, სტიქიის მავნე ზემოქმედების ასარიდებლად დამბებს, წყლის დიდ შემკრებებსა და არხებს აშენებდნენ, რომ წყლის ძალა გაეფანტათ და ეს ძალა ნამდვილად აქვს ნებისმიერ დატბორებას. დღეს ჩვენ შესაძლებლობა რომ გვქონოდა, რომ წყლის რაღაც ნაწილი, თუნდაც მისი 10-20% მილებში გაგვეტარებინა, რაც ჰესებისთვის არის საჭირო, კალაპოტში გაცილებით ნაკლები წყალი დარჩებოდა. ის ადგილი, სადაც სტიქია მოხდა უფრო ზევით არის ონის ჰესიდან, მაგრამ ზოგადად ვაუბრობის იმის შესახებ, რა შესაძლებლობები აქვს ჰესებს. ის იწვევს არა სტიქიას, არამედ ხშირ შემთხვევაში ერთგვარი დამცავი ეფექტი აქვს. მაგალითად გავიხსენებ შარშან, მესტიაში მომხდარ სტიქიას. მანამდე რამდენიმე თვით ადრე გაიხსნა 50 მეგავატიანი „მესტიაჰესი“, რომელიც ორი კასკადისგან შედგება და რომ არა ეს ჰესი, მესტიაში ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა. სტიქია ყოველთვის იყო, მაგრამ დღეს, როდესაც გლობალურ დათბობაზე ვსაუბრობთ, სტიქიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გლობალური დათბობა და ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე. გლობალურ დათბობას იწვევს არა ჰესები, არამედ ის თბოელექტროსადგურები, რომლითაც ჩვენ დღეს ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ გაზს, რომლითაც თბოელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ, ვყიდულობთ და უზარმაზარი ვალუტა გაედინება ქვეყნის გარეთ, გარდა ამისა ეს იწვევს გლობალურ დათბობას, ხოლო ჰესები, ქარისა და მზის ენერგია, ზოგადად განახლებადი ენერგიები გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია ბუნებაზე ზემოქმედების თავალსაზრისით“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.