ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და უკვე ცნობილია, თუ რომელი გუნდები ითამაშებენ 1/8-ფინალურ ეტაპზე. C ჯგუფი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ფავორიტებმა, რა თქმა უნდა, დამაჯერებელი გამოსვლა შემოგვთავაზეს, აუტსაიდერმა კი ნამდვილი სიურპრიზი გაგვიკეთა.
ჯგუფი პირველი ადგილით გერმანიამ დატოვა, რომელმაც უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია დაამარცხა, პოლონეთთან კი უგოლო ფრეს დასჯერდა. ბუნდესგუნდმა ძალები დაზოგა და ტიტულის მოსაპოვებლად ემზადება.
პოლონეთმა მიზანს მიაღწია - გერმანიის მსგავსად, აქტივში ორი მოგება და ერთი ფრე მიითვალა. წითელ-თეთრებმა С ჯგუფში ასპარეზობა მეორე ადგილით დაასრულეს.
ტურნირის დაწყებამდე ყველა ვარაუდობდა, რომ მეორე ადგილისთვის ბრძოლა უკრაინასა და პოლონეთს შორის გაჩაღდებოდა, თუმცა „ლურჯ-ყვითლებმა" არათუ ქულის მოპოვება, გოლის გატანაც კი ვერ შეძლეს მიმდინარე გათამაშებაში და ჯგუფის ფსკერზე 0 ქულით აღმოჩნდნენ.
თავის მხრივ, გაგვაკვირვა ჩრდილოეთ ირლანდიამ, რომელმაც უკრაინას 2:0 სძლია და მესამე ადგილით მოიპოვა 1/8-ფინალში თამაშის უფლება.
მომდევნო ეტაპზე, 1/4-ფინალში გასაღწევად ჩრდილოეთ ირლანდია უელსს დაუპირისპირდება, გერმანია - სლოვაკეთს, პოლონეთი კი - ხორვატიას.