ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და უკვე ცნობილია, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე. D ჯგუფმა სასწაულების გარეშე ჩაიარა. ერთადერთი მოულოდნელობა ის იყო, რომ ხორვატიამ ესპანეთი დაამარცხა, თუმცა ამაში არალოგიკური ნამდვილად არაფერია.
ხორვატებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს. ჯერ იყო და, მინიმალური სხვაობით თურქეთი დაჯაბნეს (1:0), შემდეგ ჩეხებთან 2 ქულა ბოლო წუთებზე დაკარგეს (2:2), ბოლოს კი ესპანეთი დადეს ბეჭებზე - 2:1.
მეორე ადგილი ესპანეთმა დაისაკუთრა, რომელიც თურქეთზე (3:0) და ჩეხეთზე (1:0) გამარჯვების შემდეგ, ხორვატიასთან დამარცხდა - 1:2.
ბოლო ტურში თურქეთმა ჩეხებზე გამარჯვება მოახერხა - 2:0, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვედრილიყო და შედეგად, ტურნირს ორივე გუნდი გამოეთიშა.
1/8-ფინალურ ეტაპზე ხორვატია პორტუგალიას შეხვდება, ესპანეთი კი იტალიის გამოთიშვას შეეცდება.