„მაცადეთ, ჩემი მოქალაქეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონგრესმენები“, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც პრემიერს კონგრესმენების წერილზე ჰკითხეს. პრემიერი ონში იმყოფება, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.
„მაცადეთ ახლა, ჩემთვის ჩემი მოქალაქეები არიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონგრესმენები, სადაურიც არ უნდა იყვნენ, მაცადეთ. სტიქიაა, მადლობა ღმერთს, გადავრჩით“, – აღნიშნა გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ონში სტიქიის ზონა მოინახულა და იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტში უნდა გატარდეს.
„ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფება ადგილზე. სოფლებთან დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი. ადამიანებს, რომლებსაც სოფლებიდან გამოყვანის სურვილი ექნებათ, გამოვიყვანთ. ორგანიზებულად მოხდება ამ სოფლების მომარაგება ყველა საჭირო პროდუქტით. ოთხი ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი. მოხდება სოფლების მომარაგება და არანაირი პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კონგრესმენების წერილზე მოგვიანებით გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ „ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება“.