logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ არის
- +

30 ივლისი. 2020. 20:52

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ონში, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა გამართა.

 

მთავრობის მეთაური შტაბის წევრებს მას შემდეგ შეხვდა, რაც ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

 

პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა სოფელ ღებში, რომელიც გზის დაზიანების გამო გარესამყაროს მოწყვეტილია და სოფელ ღარში, სადაც ადიდებულმა რიონმა გზა ჩამოშალა და ონის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის მილები დააზიანა.

 

გიორგი გახარიამ შტაბის წევრებს დაავალა, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანი რაც შეიძლება მოკლე ვადებში აღმოიფხვრას და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები ოპერატიულად მოგვარდეს.

 

შტაბის წევრებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 4 სოფელთან დროებითი კავშირი უკვე აღდგენილია, ორშაბათამდე კი კავშირი კიდევ 2 სოფელთან აღდგება.

 

შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას სავარაუდოდ 50 მილიონამდე ლარი დასჭირდება.

 

პირველ რიგში, მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ არის. რამდენიმე სახლი არის დაზიანებულია, თუმცა, საბოლოო ჯამში ზიანი ძალზედ სერიოზულია. 12 სოფელი კავშირს მოწყვეტილი იყო. დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი. დარჩენილ სოფლებთან, როგორიცაა ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ „ენერგო პრო ჯორჯიას" და გვპირდება, რომ ოპტიმისტური სცენარის პირობებში შესაძლებელი იქნება ელექტრომომარაგების 1 კვირაში აღდგენა. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე იმყოფება, ყველა სოფელთან კავშირი იქნება ვერტმფრენებით და გამოვიყვანთ ყველა ადამიანს, რომელსაც ამის საჭიროება ექნება. ორგანიზებულად მომარაგდება ეს სოფლები ყველა სახის საჭირო პროდუქტებით. 4 სოფელი დაახლოებით 1 თვე მოწყვეტილ მდგომარეობაში იქნება, რადგან მაგისტრალურ გზაზე ძალიან სერიოზული ჩამონგრევებია. არის 3 სექტორი, დაახლოებით 250-მეტრიანი, ასევე სრულად აღსადგენია 4 ხიდი. პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენა დამატებით საჭიროებს 30 მლნ ლარს. საერთო ჯამში, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე. ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი ის სოფლებია, სადაც სამწუხაროდ დაახლოებით 1 თვე მოგვიწევს ჩვენ გზაზე მუშაობა, რომ ნელ-ნელა მივიდეთ, თუმცა გვპირდებიან, რომ კარგი ამინდის პირობებში ელექტროენერგიას აღვადგენთ დაახლოებით 1 კვირაში, 10 დღეში. ყველა ამ სოფელთან იქნება ყოველდღიური კავშირი ვერტმფრენებით, გამოსაყვან ადამიანებს გამოვიყვანთ, შესაყვანს შევიყვანთ და არანაირი პრობლემა არ არის, ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც კი გზა გაიხსნება, გეოლოგები მივლენ ყველა ამ სოფელში, შეისწავლიან როგორც ნიადაგს, ისე ღვარცოფულ ქანებს და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა არც ერთი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს.

 

რაღაც დროს დავკარგავთ. მოგეხსენებათ, ტურისტულად შოვში ძალიან ბევრი სტუმარია და იმის გამო, რომ 1 თვის განმავლობაში შოვთან კავშირგაბმულობა ნორმალური გზით შეიძლება პრობლემური იყოს, თითოეულ საოჯახო სასტუმროს მივეხმარებით, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ. აქ იქნება სრული ყურადღება, შესაბამისი შტაბი შექმნილია და ამ შტაბთან პირადად მექნება ყოველდღიური კავშირი", - აღნიშნა პრემიერმა.

 

პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილ საგანგებო შტაბში, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე ხელმძღვანელობს, კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას", შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner