logo_geo
eng_logo
გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 200 მლნ ევრომდე დახარჯავს
- +

31 ივლისი. 2020. 11:53

 

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავ განაგრძობს საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას საქართველოში.

 

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გერმანიის მიერ საქართველოსათვის დაახლოებით, 170 მლნ ევროს ოდენობით შეღავათიანი სესხისა და 28,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას.

 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

 

აღნიშნული შეთანხმების გაფორმებას წინ უძღვოდა 2019 წლის 6-7 ნოემბერს გამართული სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

 

ფინანსური რესურსი მიიმართება შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:

„მდგრადი ურბანული მობილურობა საქართველოში“ – 100 მლნ ევრო სესხის, ხოლო 2.0 მლნ ევრო გრანტის სახით პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის;

 

„ღია პროგრამა ენერგოეფექტიანობა საქართველოში“ – 40 მლნ ევრო სესხის, ხოლო 3,2 მლნ ევრო გრანტის სახით პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის;

 

„კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის“ – 30 მლნ ევრო სესხის, ხოლო 3.0 მლნ ევრო პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის;

 

„ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება - საქართველო“ - 18,5 მლნ ევრო გრანტის სახით; 

 

„ენეროგოეფექტიანობის ღონისძიებები და შენობებში ევროკავშირის ენერგოეფექტიანობის სტანდარტებთან დაახლოება - ფაზა II“  - 1,8 მლნ ევრო გრანტის სახით.

 

შეთანხმების პროექტით განსაზღვრული პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები დაზუსტდება მოგვიანებით და შესაბამისი სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდება „გრანტების შესახებ“ და „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.

 

გერმანია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსთვის საჯარო სექტორში, ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების მიზნით, გამოყოფილია დაფინანსება 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner