logo_geo
eng_logo
რატომ არ დაეხმარნენ საკუთარ ქვეყანას რუსი მილიარდერები პანდემიის დროს
- +

31 ივლისი. 2020. 13:25

 

 

რუსეთში ბოლო 24 საათში 5 509 ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა მთლიანი რაოდენობამ 834 499-ს მიაღწია, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 13 802-მდე გაიზარდა. 

 

დამოუკიდებელი რუსული მედია და ექსპერტები ჯერ კიდევ ივნისში ვარაუდობდნენ, რომ რუსეთში ეპიდემიური სიტუაცია ვერ გაუმჯობესდებოდა, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საყოველთაო რეფერენდუმი ადამიანების დიდ შეკრებებთან იყო დაკავშირებული. მასობრივი ხმის მიცემის პროცესი გარდაუვალი იყო და ეპიდსიტუაციის განმუხტვას ნამდვილად არ ემსახურებოდა. ემსახურებოდა მხოლოდ ერთ რამეს და ეს ერთი რამ მოხდა კიდეც - ვლადიმირ პუტინმა 1 ივლისს რუსეთის მოქალაქეები საარჩევნო ოლქებში საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად მიიყვანა. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან არის ცნობილი, რუსეთის კონსტიტუციის ცვლილებებს მოქალაქეების 70%-მა დაუჭირა მხარი. გარდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი განახლებისა, ძალაში შევიდა ის ცვლილებაც, რომლიც მიხედვით, ვლადიმირ პუტინს 2036 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება დაუმტკიცდა.

 

გასაგებია, როგორც მოიქცა რუსეთის ხელისუფლება, მეორე მხრივ კი განხილვის თემაა, თუ როგორ გამოიჩინა თავი კრემლთან დაახლოებულმა რუსულმა ბიზნეს ელიტამ. როგორც ვიცით,  მსოფლიოს ბიზნეს ელიტა უდიდეს ძალისხმევას და ფინანსებს დებს კოვიდ-19-თან ბრძოლაში და მილიონობით დოლარს რიცხავს როგორც მსოფლიო, ასევე, საკუთარი ქვეყნების ფონდებში. გვახსოვს, ამ საქმეში ქველმოქმედების სახით ქართული ბიზნესის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ამავე დროს, ირკვევა, რომ იმ რუსმა მილიარდერებმა, რომლებიც „ფორბსის“ სიაში არიან და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მუდამ ხვდებიან, პანდემიის დაწყებისას, პირველ რიგში  საკუთარი ოჯახებისთვის ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატების ყიდვა დაიწყეს. როგორც რუსულ მედიაში წერენ: „ეს ადამიანები ღმერთის მოტყუებას შეეცადნენ, დაიჯერეს, რომ უკვდავები არიან და სიცოცხლის ყიდვა ისევე შეუძლიათ, როგორც  ბუტიკში სამოსის. უფრო მეტიც, უმსხვილესი მეწარმეები და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები არაფრით არ დაეხმარნენ საზოგადოებას ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პერიოდში. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ გაიღო კაპიკიც კი კორონავირუსთან ბრძოლაზე. სრულ „თვითიზოლაციაში“ წავიდნენ, დაიმალნენ სასახლეებში რუბლიოვკაზე, სეიშელის, კარიბის და მალდივის კუნძულებზე, მაშინ როცა უბრალო მოკვდავებს სამედიცინო ნიღბების ყიდვა არ შეგვიძლია აფთიაქებში“.

 

თუმცა, ზოგმა მათგანმა გარკვეული ფინანსური ხარჯი გაიღო და შექმნა შთაბეჭდილება, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე  ძალიან ადარდებს. რუსული „ფორბსის“ სიის პირველ ნომრად დასახელებულმა ძმებმა როტენბერგებმა ბოტკინის საავადმყოფოს დაახლოებით 600 ათასი დოლარი გადაურიცხეს. პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ძმებმა ეს ფული რუსეთის იმ ერთ-ერთ ყველაზე  ცნობილ კლინიკას ჩაურიცხეს, რომელიც ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია და ინფიცირებულებს მაინც იღებდა.

 

რუსულ მედიაში წერენ, რომ შედარებისთვის ერთ დღე-ღამეში, ყაზახეთში, იქაურმა ბიზნესმენებმა ეროვნული დახმარების ფონდში 41 მილიონი დოლარი გადარიცხეს.

 

„ფორბსის“ რუსული რეიტინგის 12 ფიგურანტიდან ოთხი იმ რეგიონებს დაეხმარა, რომლებშიც კომპანიები აქვს. სამმა იმ კომპანიას გადაურიცხეს ექსპრეს-ტესტების შესასყიდად თანხები, რომელიც როტენბერგების ოჯახთან არის დაკავშირებული. ასევე, რამდენიმე რუსმა მილიარდერმა რატომღაც უცხოელი ექიმების დახმარება არჩია. ალბათ იმავე მოტივით, რა მოტივითაც ვლადიმირ პუტინმა იტალიაში სამხედრო ექიმები და დეზინფექტორები მაშინ გაგზავნა, როდესაც რუსეთში საკუთარი ხალხი ჰყავდა დასახმარებელი. „РУСАЛ“-ის მფლობელმა, მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ ირკუტსკში 3 კლინიკის აშენება წამოიწყო - 160 ადამიანზე გათვლილი და 3 რეანიმობილი იყიდა. დერიპასკას კომპანია „РУСАЛ“ ალუმინის წარმოების მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. უშუალოდ ოლეგ დერიპასკას ქონება 1,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ეს ბიზნესმენი მსოფლიო ასპარეზზე არასუფთა თამაშშია შემჩნეული. რა თქმა უნდა, კრემლის დავალებით. როგორც ევროპული პრესა წერდა, 2016 წელს მან დიდი ფული დახარჯა მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების დაფინანსებაში. თუმცა, ეს ფული მართლაც წყალში ჩაეყარა. პუტჩი ჩავარდა, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი ლიკვიდაციას გადაურჩა, ხოლო რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს პატარა მთიანი რესპუბლიკა NATO-ს ახალ წევრად მაინც მიიღეს. 

 

ძალიან აღშფოთდნენ რუსები მაშინაც, როცა ჯგუფ USM-ს მფლობელმა ალიშერ უსმანოვმა საჯაროდ აღიარა, რომ კორონავირუსის ძალიან ეშინია და მშობლიურ უზბეკეთში გადაიმალა. სწორედ უზბეკეთს შესწირა მან 20 მილიონი დოლარი ეპიდემიასთან ბრძოლისთვის, ხოლო რუსეთში - იქ, სადაც მისი მილიონიანი ბიზნესებია, მას ფულის ქველმოქმედებაზე დასახარჯად დაენანა.

 

ამგვარად, როგორც ჩანს  რუსეთის ფედერაციაში ხელისუფლებაც და ბიზნესიც ერთი გზით მიდის - ჰგონიათ, რომ უკვდავები არიან და ღმერთის მოტყუება სურთ. თუმცა, ასე ხომ კომუნისტებსაც ეგონათ, მაგრამ 2036 წლამდე ვერ მიაღწიეს...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner