გაერო-ს განვითარების პროგრამის საქართველოში მუდმივი წარმომადგენელი, ლუიზა ვინტონი პანდემიაზე რეაგირების პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება.
ამის შესახებ ვინტონმა მთავრობის მეთაურთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელშიც განიხილებოდა ის კვლევა, რომელსაც, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „კოვიდ19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენასთან დაკავშირებით ჩაატარებს.
კვლევას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში კრიზისების მართვის, სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემების შეფასებას, გაერო-ს 8 სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ერთობლივად განახორციელებენ.
ლუიზა ვინტონი ამბობს, რომ საერთაშორისო განვითარების სააგენტო დიდი დაინტერესებით ერთვება კვლევაში, რომელიც გააანალიზებს საქართველოს გამოცდილებას და ნახავს, რა გაკეთდა კარგად და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად.
„გაერო-ს განვითარების პროგრამის სახელით დიდ სიამოვნებას მგვრის საქართველოს მთავრობის შექება და მილოცვა პანდემიაზე რეაგირების გამო. მიმაჩნია, რომ ვინც რიცხვებს შეხედავს და შეადარებს რეგიონის შედეგებს ან გლობალურ მაჩვენებლებს, კარგად დაინახავს, რომ საქართველო ჭეშმარიტად წარმატებული ქვეყანაა. ამ ფონზე გაერო-ს განვითარების პროგრამა და გაერთიანებული ერების სისტემაში შემავალი სხვა უწყებები, ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დიდი დაინტერესებით ერთვებიან კვლევაში, რომელიც გააანალიზებს საქართველოს გამოცდილებას და ნახავს, რა გაკეთდა კარგად და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.