ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
„მოგესალმებით პატივცემულო დეპუტატებო, მივესალმები მედიის წარმომადგენლებს. მინდა დავიწყო მოლოცვით, დღევანდელი დღე დიდი დღესასწაულია მუსლიმი მრევლისათვის. ვუსურვებ მათ რწმენის სიმტკიცესა და სიძლიერეს.
პატივია წარვდგე თქვენ წინაშე ჩემი ამჟამინდელი პოზიციიდან. დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ჩართული იმ ქალაქის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრაში, სადაც დაიბადე და გაიზარდე. მოგვიწევს საკმაო შრომის გაწევა, 24 საათიან რეჟიმში მუშაობა და მზად ვართ, ვემსახუროთ ბათუმის მოსახლეობას.
ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ მიმართულებების წამოწევა, რომელიც სამომავლოდ გაზრდის და განავითარებს ქალაქის შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა. პროგრამები სრულ თანხვედრაში იქნება მოსახლეობის მოთხოვნილებებთან. რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებების გატარება თქვენი დახმარებითა და ჩართულობით იქნება შესაძლებელი.
მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზია. ბათუმის მაცხოვრებლებმა და ქალაქის სტუმრებმა უნდა მიიღონ სრულყოფილი და თანამედროვე მუნიციპალური სერვისები სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, ბუნებრივია, მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი შეხედულებები და შეთავაზებები.
მსოფლიო პანდემიის კვალდაკვალ, ჩვენი ქალაქი რიგი გამოწვევების წინაშე დადგა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, მოქალაქეებს, იმისათვის, რომ შევინარჩუნეთ მწვანე ქალაქის სტატუსი და კვლავ ვრჩებით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად. ამ ეტაპზე, სანამ საერთაშორისო ვიზიტორების მიღება დაიწყება, ჩვენ ორიენტირებულები ვართ შიდა ტურიზმის განვითარებაზე.
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ 50-მდე ქუჩის, მონაკვეთისა და ჩიხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხორციელდება წყალარინების სისტემისა და გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება. კონტრაქტორ კომპანიებთან შეთანხმებით დაჩქარდება სამუშაოების მიმდინარეობის ტემპები, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. დაახლოებით თვენახევარში დასრულდება მთელი რიგი სამუშაოები, რაც დისკომფორტს უქმნის ჩვენს თანაქალაქელებსა და ჩამოსულ სტუმრებს“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ასევე, შენდება 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი. მისივე განმარტებით, გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქალაქის როგორც ცენტრალური, ასევე ნაკლებად განვითარებული ნაწილის მოწესრიგების მიმართულებით.
ბიუჯეტის კორექტირების საკითხთან დაკავშირებით მერის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა: „ბიუჯეტის მზადების პროცესში პრინციპულ პარამეტრებზე უკვე შევთანხმდით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. განხორციელდება 10,3 მილიონი ლარის კაპიტალური ტრანსფერი. დასრულდება ყველა მიმდინარე პროექტი და დავიწყებთ ახალ მიმართულებებზე მუშაობას. ყველა პროექტი მორგებული იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და ჩამოსული სტუმრების საჭიროებებზე. კიდევ ერთხელ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ის საერთაშორისო აღიარებები, რაც ტურისტული მიმართულებით გვაქვს, უნდა შევინარჩუნოთ“.