პაკისტანის მიერ ავღანეთის ტერიტორიის დაბომბვას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 80 კი, დაშავდა.
დაბომბვას წინ უძღოდა ავღანეთის და პაკისტანის უსაფრთხოების ძალების შეტაკება ჩამან-სპინ ბოლდაკის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მახლობლად, სადაც სამოქალაქო პირები საზღვრის გადაკვეთას ორივე მხრიდან ცდილობდნენ.
დაბომბვის შემდეგ ავღანეთის სახმელეთო და საჰაერო ძალებში განგაში გამოცხადდა.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არმიის გენშტაბის უფროსს ნაბრძანები აქვს, თუ პაკისტანის არმია დაბომბვას გააგრძელებს, ავღანეთმა სრული ძალით უპასუხოს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვამ მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. აქტივისტები პაკისტანის უსაფრთხოების ძალებს საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის, შაჰ მაჰმუდ ყურეშის განცხადებით, საკითხი ავღანურ მხარესთან განიხილება და ისლამაბადი უთანხმოების მშვიდობიანად მოგვარებას იმედოვნებს.
ავღანეთ-პაკისტანის 2 430-კილომეტრიანი საზღვარი 1893 წელს შეიქმნა, ბრიტანულ ინდოეთსა და ავღანეთის საამიროს შორის.