გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ონის მუნიციპალიტეტში 28-29 ივლისს განვითარებული სტიქიური მოვლენების მიზეზებს ადგილზე სწავლობენ.
სააგენტოს განცხადებით, წინასწარი შეფასებით, სტიქიური მოვლენები ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული. უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა და მყინვარების თანდართულმა ინტენსიურმა დნობამ ონის, უწერას, შოვის, გლოლასა და ღების მონაკეთებზე მდ. რიონისა და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია.
„სტიქიის დროს, 12 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ 84 მმ-ს მიაღწია; შოვის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, წყლის ხარჯმა ქალაქ ონთან 507მ³/წმ შეადგინა.
ამ ეტაპზე, მდინარე რიონის აუზში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება. პირველადი შეფასებით, სტიქიის ზონაში წყლის დაგუბებები არ ფიქსირდება, რაც ამ დროისათვის განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროებას არ ქმნის.
სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი სტიქიის ადგილზე რჩება და მიმდინარე პროცესზე უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს. სპეციალისტები მოამზადებენ რეკომენდაციებს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად“, - აცხადებენ სააგენტოში.