logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ გაგუა: ივნისის ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, არატურისტულ სექტორში ეკონომიკის კლება პრაქტიკულად შეჩერებულია
- +

31 ივლისი. 2020. 18:08

 

 

„ივნისის ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, არატურისტულ სექტორში ეკონომიკის კლება პრაქტიკულად შეჩერებულია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების კომენტირებისას.

 

მისი თქმით, ივნისში  ეკონომიკურმა კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით, ასევე, ზოგადად რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებითაც.  

 

„ბუნებრივია, კლების მთავარი მიზეზია ტურისტული სექტორი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ტრადიციულად ძალიან დიდი წილი უკავია, დაახლოებით, 8-10 %-ის ფარგლებში. არსებულ დინამიკას თუ გავაანალიზებთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის ეკონომიკის დანარჩენ სექტორში, ეკონომიკის კლება პრაქტიკულად, შეჩერებულია და ჩვენ მომდევნო თვეებში ველოდებით კიდევ უფრო გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს. რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკურ პროგნოზს - 2020 წლისათვის ის კვლავაც რჩება -4 პროცენტის ფარგლებში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ. 

 

როგორც მან აღნიშნა,  გრძელდება მთავრობის მიერ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მხარდაჭერა: დეველოპმენტის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც წლის ბოლომდე დადებითად იმოქმედებს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, ასევე,  საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილისთვის, რომელმაც პანდემიის შედეგად დაკარგა შემოსავლის წყარო, გრძელდება საკომპენსაციო  ღონისძიებებით გათვალისწინებული თანხის გაცემა.

 

როგორც ცნობილია, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა. მათგან 160 161-მა უკვე მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია, სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი.

 

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ,  აპრილის თვის კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით ჩაერიცხა 90 131 პირს; მაისის თვის – 135 670 პირს, ივნისის – 118 058 პირს.  გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით უკვე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

 

პორტალზე დარეგისტრირდა უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული  35 564  პირი. მათგან 28 717-ს უკვე დაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, ჯამში - 8 615 100 ლარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner