logo_geo
eng_logo
ხათუნა ბურკაძე: აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპის ურყევი მხარდამჭერია
- +

31 ივლისი. 2020. 21:14

 

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარი, ხათუნა ბურკაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტში გაკეთებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

 

„ეს არაა საბოლოო გადაწყვეტილება. კონგრესი შედგება ორი პალატისგან. წარმომადგენელთა პალატისა და სენატისგან. საუბარია წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ ჩანაწერს კარგად შევისწავლით და გავაანალიზებთ, აქ საუბარია, რომ უფრო მეტი რეფორმა განახორციელოს ქვეყანამ, იქნება ეს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით თუ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით“, - აღნიშნა ბურკაძემ.

 

მისი თქმით, როცა ჩვენ მსგავსი ჩანაწერი გვაქვს, ეს გვაძლევს ბიძგს, რომ კიდევ გავაძლიეროთ რეფორმები ამ მიმართულებებით.

 

„აღნიშნული საკითხის განხილვა უნდა მოხდეს სენატში. როგორც წესი იშვიათადაა პრაქტიკაში, როცა სენატის და წარმომადგენელთა პალატის ფრაზეოლოგია ერთმანეთს ემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, სენატის მიერ სხვა ტიპის დოკუმენტის ინიცირება მოხდეს. ამ შემთხვევაში ორივე პალატის დონეზე ხდება საკითხის განხილვა ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. თუმცა, კანონპროექტი პროცედურების თანახმად, იგზავნება პრეზიდენტთან თეთრ სახლში. პრეზიდენტს, მოგეხსენებათ, აქვს უფლება ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს და უკან დაუბრუნოს კონგრესს. ეს საკმაოდ დიდი პროცესია, რომელსაც აქვს თავისი შრეები და ეტაპები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმის, რომ აბსოლუტურად სხვა ტიპის ჩანაწერი ვიხილოთ“, - აღნიშნა ბურკაძემ.

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარი, ხათუნა ბურკაძე აცხადებს, რომ ასევე ეს დოკუმენტი, შეიცავს არაერთმნიშვნელოვან ჩანაწერს.

 

„მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, როდესაც ის სახელმწიფო დეპარტამენტს და სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, რომ შეისწავლოს ყველა ის ქვეყანა, რომლის მიმართაც დადგება რამე ტიპის კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ რამე ფორმით მოხდა ოკუპაციისადმი მხარდაჭერა. თუ მსგავსი ფაქტი გამოვლინდა, ეს იწვევს აღნიშნული ქვეყნის მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას. ეს არაღიარების პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის კუთხით ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ამ ჩანაწერით ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპის ურყევი მხარდამჭერია“, - აღნიშნა ბურკაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner