შვედეთის ეროვნული ნაკრებისთვის ევრო 2016 დასრულდა. გუნდმა მხოლოდ ირლანდიის წინააღმდეგ შეძლო 1 ქულის მოპოვება, იტალიისა და ბელგიის ნაკრებებთან კი დამარცხდა. ამგვარად, შვედების აქტივში მხოლოდ 1 ქულა აღმოჩნდა და E ჯგუფში მეოთხე ადგილით დატოვეს ტურნირი.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის უკანასკნელი მატჩი, ბელგიასთან დაპირისპირება, რომელშიც „წითელმა ეშმაკებმა" მინიმალური სხვაობით შეძლეს შვედთა დამარცხება, უკანასკნელი იყო ნაკრების მაისურით ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის. მარცხის მიუხედავად, ერთადერთი ნათელი წერტილი გუნდის თამაშში სწორედ 34 წლის ფორვარდი იყო, რომელიც ტიბო კურტუას კარს არაერთხელ დაემუქრა. სამწუხაროდ, ბოლო სანაკრებო მატჩში ზლატანმა გოლის გატანა ვერ შეძლო.
რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩის საკლუბო კარიერას, „პსჟ"-სთან მისი კონტრაქტი დასრულდა და შვედმა მისი გაგრძელება აღარ ისურვა. ზლატანით არაერთი მსოფლიო გრანდია დაინტერესებული, თუმცა მის სახელს ყველაზე ხშირად „მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ და კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, „წითელმა ეშმაკებმა" უკვე მიაღწიეს ფორვარდთან შეტანხმებას და გრანდიოზული პირობებიც შესთავაზეს.
ფაქტია, რომ ზლატანს ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ალბათ უკანასკნელადაც გაიბრძოლებს, შვედეთის ნაკრებს კი მისი ლეგენდარული 10-იანი უდაოდ დააკლდება.