logo_geo
eng_logo
ვინ არის ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე - პრესაში ჩანერგილი „პავლიკ მოროზოვი“ თუ...
- +

1 აგვისტო. 2020. 20:56

 

 

ვინ არის ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე - პრესაში ჩანერგილი “პავლიკ მოროზოვი“ თუ...

 

„ნაციონალური მოძრაობის“ დღეს არსებული ზონდერ ლიდერების ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი პერსონა გიორგი კაპანაძეა. ქართულ ელექტორატს ის რუსთაველზე გამართული ოპოზიციის  ბოლოდროინდელი მიტინგებიდან ახსოვს.

 

პარლამენტში შეჭრის მსურველთა რიგებში ის მანამდე იყო, ვიდრე კამერები აფიქსირებდნენ. როგორც კი საშიშროების საფრთხე იგრძნო, როგორც იქამდე არაერთხელ, ამჯერადაც თვალს მიეფარა და უსაფრთხო ადგილს შეეფარა..

 

კაპანაძე ჟურნალისტია.

 

მისი კარიერა ჯერ კიდევ გაზეთი ,,რეზონანსიდან“  2005 წელს დაიწყო. წერდა  სკანდალურ სტატიებს, აკრიტიკებდა შევარდნაძისდროინდელ ძალოვან უწყებებს და უშიშროების სამსახურს, ჰქონდა ექსკლუზიური ინფორმაციები, რომლებსაც იმ დროს მხოლოდ სპეცსამსახურები ფლობდნენ. ხშირად ეხვეოდა სკანდალებში, თუმცა არც ერთი სასამართლო პროცესი, რატომღაც, ბოლომდე არ მიდიოდა და კაპანაძეც მუდმივად ამღვრეული წყლიდან ,,მშრალი“ გამოდიოდა. იმ დროიდან აქტიურად თანამშრომლობდა ეგრეთ წოდებულ ,,რეფორმატორთა“ გუნდთან, რომელიც შემდეგ ჟვანია-სააკაშვილის, უფრო გვიან კი სააკაშვილის გუნდად მოიხსენიებოდა.

 

სააკაშვილის გუნდი ადრევე მიხვდა, რომ ქართული პრესის კონტროლი მომავალი პოლიტიკური გამარჯვებების საფუძველი უნდა გამხდარიყო, ამიტომაც პრესაში აქტიურად დაიწყო ,,თავისი ჟურნალისტების“ ჩანერგვა და მათი ფინანსური უზრუნველყოფა. ნაციონალური პიარი თავდაპირველადვე აგრესიული და ყოვლისმომცველი იყო. ცდილობდნენ სრულ კონტროლზე აეყვანათ პოლიტიკაზე მომუშავე ჟურნალისტები პრესაშიც, რადიოშიც, ტელევიზიაშიც, ამ მიზნით კი არ ერიდებოდნენ არც შანტაჟს, არ მოსყიდვას და არც სოლიდურ დაფინანსებას.

 

,,ვარდების რევოლუციის“ წინ სააკაშვილის გუნდმა ჟურნალისტები 2 ნაწილად დაჰყო. ვინც მასთან არ იყო, მტერი იყო. სააკაშვილის მტრობა კი აუცილებლად ქვეყნის მტრობადაც უნდა ჩათვლილიყო.

 

გიორგი კაპანაძე ერთი იმათგანი იყო, რომელიც პროვინციიდან თბილისში დამკვიდრებას ყველა ძალით ცდილობდა.  ჟურნალისტიკა, მომავალში კი გურამ დონაძესთან მეგობრობა, საკმაოდ კარგ ტრამპლინს უქმნიდა კარიერული წინსვლისთვის. დონაძესაც  ,,პავლიკ მოროზოვის“ სტილის ადამიანები ხელს აძლევდა. ,,შემსრულებლები“ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი ძალა ხდებოდნენ.

 

 

როგორც მოგვიანებით ყველასთვის ნათელი გახდა,  ,,რეფორმატორები“ სასურველ კადრებს აქტიურად ნერგავდნენ ჟურნალისტიკაში, განსაკუთრებით იმ მედიასაშუალებებში, რომლებიც აშკარად ებრძოდნენ ე.წ. ,,რეფორმატორულ“, ანუ სააკაშვილის იდეებს. ასე ჩანერგეს  სრულიად ახალგაზრდა კაპანაძე ჯერ გაზეთ ,,რეზონანსში“, 2000 წლიდან კი მედიაჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსში“, რომელშიც ის ჯერ რიგითი თანამშრომელი, შემდეგ მთავარი რედაქტორის მოადგილედ, მოგვიანებით კი მთავარი რედაქტორი გახდა.

 

,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მედიაჰოლდინგმა ,,ჯორჯიან თაიმსმა“ აშკარად ანტისახელისუფლო პოზიცია დაიკავა და ძალზე მწვავედ დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლების კრიტიკა. ამ დროისათვის კაპანაძე უკვე  გაზეთ ,,ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორია. მისი ფარული სიმპათიები მმართველი პარტიის მიმართ ახლა უკვე აშკარა ხდება, თუმცა ასე ხელაღებით გურამ დონაძის დავალებების შესრულება ჰოლდინგის მფლობელის, მალხაზ გულაშვილის ნების გარეშე, თვით მასაც, როგორც მთავარ რედაქტორს, უჭირდა. ამიტომაც, 2005 წლის ბოლოს მალხაზ გულაშვილს ღია ტექსტით შესთავაზა გაზეთის გაყიდვა. გულაშვილის უარის შემდეგ კაპანაძე გაზეთიდან მიდის, თუმცა სერიოზული პრობლემა ექმნება ოპოზიციური გაზეთის მფლობელ გულაშვილს. საბოლოოდ მას ჯაშუშად და ქვეყნის მტრად აცხადებენ, დასდევენ და დიდი ხნით აძევებენ ქვეყნიდან. შესაბამისად, ფუნქციონირებას წყვეტს ხელისუფლებისთვის არასასურველი მედიაჰოლდინგიც.

 

 

არ არის კაცი, არ არის პრობლემები! ნაციონალური ხელისუფლება ამ ლოზუნგს პრაქტიკაში კარგად იყენებს და იქ, სადაც ადამიანები ჰყავთ მოსაშორებელი, განსაკუთრებით მედიამფლობელები, გიორგი კაპანაძეს კარგად ამუშავებენ.

 

როგორ ,,აახია“ გიორგი კაპანაძემ ,,პრესა ჯი“ ყოფილ კოლეგებს?

,,პრესა ჯი“ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ოპოზიციურად განწყობილი მედიის ფლაგმანი იყო. იბეჭდებოდა ყველაზე მამხილებელი და კრიტიკული სტატიები სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ინტერნეტსაიტი ჟურნალისტებმა გიორგი იაკობაშვილმა და როზი ჯღამაიამ დააფუძნეს, შემდეგ კი ,,კავკაზუს ონლაინის“ მფლობელის, მამია სანადირაძის ინტერნეტსაიტების ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ. საიტი ყველაზე რეიტინგულ ინტერნეტგამოცემად რჩებოდა იქამდე, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლებამ, კვლავ რეჟიმის ერთგული ჯარისკაცის, გიორგი კაპანაძის ხელით საბოლოოდ არ ,,შეიძინა“ ყველა უფლება ინტერნეტსაიტზე, ძველი მფლობელები და ჟურნალისტები სამსახურიდან გაყარა და ერთ დროს პოპულარული საიტი საბოლოოდ  ნაციონალური ხელისუფლების პლაცდარმად  აქცია.

 

,,რეპორტიორი“ ,,პრესა ჯის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ჟურნალისტ როზი ჯღამაიას ესაუბრა:

 

-,,პრესა ჯი“ 2007 წელს დაფუძნდა. მოგვიანებით ,,კავკაზუს ონლაინის“ მაშინდელმა მფლობელმა მამია სანადირაძემ, იმ დროს, კავკაზუს ონლაინის მფლობელმა, თანამშრომლობა შემოგვთავაზა.  მას უკვე ჰქონდა 10-მდე ინტერნეტსაიტი. მე და გია იაკობაშვილს გვთხოვა მათ კომპანიასთან  გაერთიანება ჩვენივე ინტერნეტსაიტით. ჩვენც დავთანხმდით.  სარედაქციო პოლიტიკა ისეთი გვქონდა, რომ დაუნდობლად ვამხელდით სააკაშვილის რეჟიმს. ასე ვმუშაობდით 3 წლის განმავლობაში, ვიდრე მამია სანადირაძემ ,,კავკაზუს ონლაინს“ პრობლემები შეუქმნა.

 

-რა პრობლემები?

-სააკაშვილმა გადაწყვიტა ყველა მომგებიანი ბიზნესის ხელში ჩაგდება და ლაგამის ამოდება. რასაკვირველია, არც სანადირაძის პოლიტიკური განწყობა და მებრძოლი სულისკვეთება მოსწონდა. თავდაპირველად სანადირაძეს შესთავაზეს აბონენტებისთვის ინტერნეტის დამონტაჟებასთან ერთად მათთვის საინტერესო აბონენტების ბინებში სათვალთვალო და მოსასმენი აპატარურის ჩამონტაჟება. როცა ამ ამაზრზენ წინადადებაზე უარი მიიღეს, პირდაპირ დაიწყეს ,,კავაზუს ონლაინის“ კაბელების ჩეხვა და კომპანიის გაკოტრება.

 

-კაბელებს პირდაპირი მნიშვნელობით ჩეხდნენ?

-დიახ. თავდაპირველად ინტერნეტის კაბელები მიწისქვეშ გადიოდა და ჭებს უერთდებოდა კავშირგაბმულობის კაბელებთან ერთად. კავშირგაბმულობას კი მაშინ სააკაშვილის რეჟიმის ერთგული ჯარისკაცები: ,,ზარალა“, ძმები შარანგიები და ხვიჩა მაქაცარია აკონტროლებდნენ. სწორედ კავშირგაბმულობის უწყების თანამშრომლები ,,კავკაზუს ონლაინის“ კაბელებს ჭებში ჩეხვდნენ. მოსახლეობას ხელოვნურად ეთიშებოდა ინტერნეტი, ამ დროს კი სააკაშილის რეჟიმის ბიზნესმენები აბონენტებს  სთავაზობდა ალტერნატიულ ინტერნეტსერვისს საუკეთესო პირობებით. ასე გააკოტრეს მამია სანადირაძე, რომელმაც შავი ზღვის ფსკერზე გაატარა ინტერნეტკაბელი საქართველოს მოსახლეობის ინტერნეტუზრუნველყოფისთვის. საბოლოოდ, ,,კავკაზუს ონლაინის“ 80-მილიონიანი ქონება ნაციონალურმა ხელისუფლებამ კაპიკებში ჩაიგდო ხელში, მასთან ერთად კი ჩვენი ინტერნეტსაიტიც.

 

-ინტერნეტსაიტები რაღა შუაში იყო?

-მაშინ ვერც ვივარაუდებდით, რომ ასეთი მხეცური რეჟიმი მოვიდოდა საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ, 10 ინტერნეტსაიტი, ,,კავკაზუს ონლაინის“ ქოლგის ქვეშ ვიყავით გაერთიანებული და შესაბამისად, ბუღალტერიაც ერთი გვქონდა. როდესაც ,,კავკაზუს ონლაინის“ გაკოტრების პროცესი დაიწყო,  მივხვდით , რომ დღეს თუ არა ხვალ, ჩვენი ჯერიც დადგებოდა და წინასწარ თადარიგი დავიჭირეთ. შევქმენით ახალი ინტერნეტსაიტები: ,,ფორ ჯი“ და ,,აი ტვ. ჯი“, რომელშიც იმ დროს მუშაობდნენ დიანა ტრაპაიძე და მაია თაბაგარი. ვხვდებოდით, რომ ძალიან მალე ჩვენს საიტს საფრთხე შეექმნებოდა და წინასწარ გამზადებულ საიტზე მოგვიწევდა მუშაობის გაგრძელება.

 

-როგორ მოხდა, რომ გიორგი კაპანაძე ,,პრესა ჯის“ დირექტორი გახდა?

-2010 წელს ოფისში ჩვენი ყოფილი კოლეგა და გიორგი კაპანაძე გამოგვეცხადა და განგვიცხადა, რომ დღეიდან ის ჩვენი დირექტორი და ინტერნეტგამოცემების ჯგუფის ხელმძღვანელი იქნებოდა, ამ თანამდებობდაზე კაპანაძე, მისივე თქმით, ძმებ შარანგიებს გაუმწესებიათ. თავიდან ყველასთან მეგობრობას აპირებდა, თუმცა ყველამ ვიცოდით ვინც იყო, ვისი კაციც იყო და რა კაციც იყო. დაგვიყვავა, ჩემი შვილის ამბებიც მოიკითხა, თუმცა ძალიან უკმეხად ვკითხე, აქ როგორ მობედე-მეთქი.

 

-რა გიპასუხათ?

-ხელს არაფერში შეგიშლით, იმუშავეთ როგორც მუშაობდით, მე მხოლოდ ფორმალური დირექტორი ვიქნებიო. იქვე ვუთხარი, რომ არც გაებედა ,,პრესა ჯისკენ“ გამოხედვა!

 

-სიტყვა შეასრულა?

-ზუსტად 2 თვე ჩვენ ვაგრძელებდით მუშაობას ჩვეული სარედაქციო პოლიტიკით, ვიდრე  არ დავწერე სტატია სახელწოდებით: ,,კავკაზუს ონლაინს“ გამოქვაბულის ხალხი დაეპატრონა!“ სტატიას დიდი სკანდალი მოჰყვა, გათიშეს საიტები, დამირეკა გააფთრებულმა კაპანაძემ და გადაწყვიტა თითის დაქნევით, მუქარის ტონში საუბარი. იქვე შევაწყვეტინე და ვკითხე, შენ მე დონაძე ხომ არ გგონივარ-მეთქი. შემდეგი მისი ნაბიჯი ყველა ჟურნალისტის დათხოვნა იყო სამსახურიდან.

 

-პროტესტის გამოხატვა ან სასამართლოში ჩივილი არ გიცდიათ?

-არა, რასაკვირველია. ეს იყო მკვლელი რეჟიმი, რომელსაც წინ ვერაფრით აღვუდგებოდით. ასე გააჩერეს ,,პრესა ჯი“, ერთი ნათელი წერტილი მედიაში სააკაშვილის რეჟიმის დროს. მოგვიანებით საიტი ძველი სახელით კაპანაძის ხელში გადავიდა და ვის სამსახურშიც ჩადგა ყველამ იცით. თუმცა, გიორგი იაკობაშვილს დღემდე უნდა სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა და საიტის უკან დაბრუნება.

 

- დღეს კაპანაძეს ჭიათურის პრობლემები აწუხებს, რეგიონის ქომაგად და დამცველად გვევლინება, მის განვითარებაზე შესტკივა გული...

-რა მორალური უფლება აქვს ვინმეს დამცველად მოგვევლინოს ეგ პატარა კაცუნა?  (მაპატიეთ, მაგრამ რაც უნდა გაიწელოს, მაინც მეტრა-ნახევარი დარჩება! ) გასაგებია, რომ ახლა პარლამენტში უნდა. უხდიან და ყვირის ეს აბსოლუტურად ამორალური ადამიანი.  მკვლელების და არაკაცების ხელისუფლება ღმერთმა ნუ ქნას უკან შემობრუნდნენ, ხომ ხედავთ როგორ გვემუქრებიან, ყველას სახელი ვიცით, უკლებლივ ყველას მოგაკითხავთო! ელექტორატი კარგად უნდა დაფიქრდეს, უნდა დონაძის და კაპანაძის ხელისუფლება?

 

,,რეპორტიორი“ მედიაჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელს, მალხაზ გულაშვილს დაუკავშირდა, რომელიც გიორგი კაპანაძესთან დაკავშირებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

-არ მიყვარს არაკაცები და მათზე კომენტარებს არასოდეს ვაკეთებ!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner