„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი ჭავჭავაძის გამზირზე დაწესებული საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემით კმაყოფილია. როგორც მძინარაშვილი აღნიშნავს, ნათელია, რომ მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა ინტერესები წინა პლანზე დააყენა, რაც მისასალმებელია.
„მხოლოდ ჭავჭავაძის პროსპექტზე კი არა, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები უნდა გაკეთდეს ვაჟა-ფშაველას, წერეთლის, სარაჯიშვილის, რობაქიძის, მოსკოვის და ა. შ. პროსპექტებზე, დადიანის, ქეთევან წამებულის და ა. შ. ქუჩებზე!
დიახ, ეს ქალაქი მოსახლეობისთვის, ქვეითებისთვის არის და არ უნდა იყოს ყანა, სადაც ცნობილი მლეწავები კომბაინებით დადიან!
კი, ბატონო, იარეთ კომბაინებით, მაგრამ იმასაც შეეგუეთ, რომ საცობში დგომა მოგიწევთ!
30 ავტომანქანის გამო ავტობუსი 30 (და მეტი) მგზავრით საცობში არ უნდა იდგეს და ხალხს სამსახურში არ უნდა აგვიანდებოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცები აუცილებლად საკუთარი მანქანით უნდა მიბრძანდნენ.
ამ ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს და უპირველესად მათი ინტერესები უნდა გაითვალისწინოს მერიამაც და მთლიანად ხელისუფლებაც!
გვაპატიეთ, რომ კომფორტი დაგირღვიეთ!
გვაპატიეთ რამენაირად!
ანდა ნუ გვაპატიებთ და ისე იდექით... საცობში!
ისე გაბრაზდით, თქვენთვის, კომფორტულად!“- წერს მძინარაშვილი.