„მოხარული ვარ, რომ ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ასოცირების შესახებ შეთახმების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე ორი კვირით ადრე შედგა. ეს არის შეთანხმება, რომელმაც ძალზედ მნიშვნელოვანი სარგებელი და შედეგები მოუტანა ორივე მხარეს, და განსაკუთრებით საქართველოს, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის შედეგი, რომელიც ხელშესახებია საზოგადოებისთვის, ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბრიუსელში, „საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ" საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალზე გააკეთა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს შეთანხმება უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი შემდგომი ნაბიჯია, მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველო ცდილობს გახდეს ევროპისთვის უსაფრთხოების პროვაიდერი და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მისიებში, როგორც რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი.
"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლიერებთ ევროპასთან ჩვენს კავშირებს და, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯს, ანუ ვიზა ლიბერალიზაციას" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ხელმოწერის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.