logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: არასდროს გახდეთ ცნობადი!
- +

26 ივნისი. 2016. 00:20


 თუ ჭკუას მოიხმართ, არასდროს გახდეთ ცნობადი", - ამბობს ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს არაჟურნალისტურ ამპლუაში გვიყვება საკუთარი ცხოვრების შესახებ.


სახელი: კოკა (ნიკოლოზი)


გვარი: ყანდიაშვილი


სამუშაო ადგილი: კომპანია „პრემიერი" (ტელესტუდია)


რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი... მასწავლებელი.


ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... ტყუილების ინტერპრეტაციის მრავალფეროვნება.


ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი... ტერაქტი შევარდნაძეზე 1995 წელს, იმელის შენობასთან.


მჯერა, რომ... ღმერთმა შეგვქმნა.


ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში... ბავშვურობის ის ნაწილი, რაც ჯერ კიდევ არის ჩემში.


რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში... ნებისყოფის ნაკლებობა, თორემ ხომ ვიქნებოდი ახლა გამხდარი და უღიპო.


ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება... იუმორი. მის გარეშე ეს ცხოვრება აუტანელი იქნებოდა.


ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ... მამის შექება დამემსახურებინა და არასოდეს მიმეღო ოთხიანი.


ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ... ვიყო კუბაში, ჰავანაში, სასტუმრო „ჰაბანა ლიბრეს" 22-ე სართულზე, ჩემს საყვარელ ნომერში და ვხედავდე ამ ულამაზეს ქალაქს. „რუმ სერვისს" უკვე ამოტანილი ჰქონდეს, თითქმის გაციებული ესპრესო, მაგრამ გულს იმით ვიიმედებდე, რომ ხილი ნამდვილად ცივი, ტროპიკული, ახალი და ძალზე გემრიელია.


მე იმ ბავშვობიდან ვარ, რომელსაც... ბედნიერების გემო ჰქონდა.


წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი... მე დავწერ ასეთ წიგნს, რომ დავბერდები. ამჟამად კი გოეთეს „ფაუსტი" მეჭყანება და მაშინებს. გავთავხედდი ძალიან.


დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება... ჩემი შვილების, მარიამისა და თეას დაბადების დღეები.


მრცხვენია მაშინ, როდესაც... ვხვდები, რომ შეცდომა დავუშვი, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებ.


არასოდეს გავაკეთებ... ბოროტებას.


რის თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ... ნუ ინტერესდებით ჩემი ცხოვრებით, დაინტერესდით ჩემი საქმით.


ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის... ის, რომ ოდესღაც გამოვჩნდი ეკრანზე. 13 წელია, აღარ ვჩანვარ, მაგრამ დღემდე მცნობენ, ცნობადობა კი ზღუდავს ჩემს თავისუფლებას. თუ ჭკუას მოიხმართ - არასდროს გახდეთ ცნობადი. არ წარმოგიდგენიათ, რა დიდი ფუფუნებაა, როდესაც ხარ, მაგრამ ვერავინ გამჩნევს. ეს ჩემი პოზიციიდან ჩანს ასე. სხვა არ ვიცი.


ოქროს თევზს ვთხოვდი... შეეშვი ხალხის დაბოლებას.


ქალი, რომ ვიყო... ქალიშვილი მოვკვდებოდი.


პრეზიდენტი, რომ ვიყო... ამისგან ღმერთმა დამიფაროს.


არასოდეს თქვა... რომ ეს დასასრულია, იმიტომ, რომ ეგრევე იწყება სხვა რაღაცის დასაწყისი...


ღმერთი არის... ღმერთი იმდენად დიდია, რომ ჩემი პატარა, ერთი ჩვეულებრივი ადამიანის გონებით, ვერასოდეს შევწვდები მის მასშტაბების აღქმასაც კი, არამც თუ იმას, თუ რა არის ღმერთი. ღმერთი ყველაფერია. ღმერთი სიყვარულია.


ვენდობი... ეს დიდი ფუფუნებაა.


არ ვენდობი... ეს რეალურობაა, დოკუმენტალისტიკასთან არის ახლოს.


თავისუფლება არის... ბედნიერება. ჰარმონია სამყაროსთან.


ომი არის... სიგიჟის, სიბნელის, ბოროტების ბოლო საფეხური. მე პაცეფისტი ვარ, იმიტომ რომ 19 წლიდან ჩემს ცხოვრებაში სულ იყო ომი.


მშვიდობა არის... განვითარება.


იყო პატრიოტი, ნიშნავს... ეს სიყვარულივით არის - ან გაქვს სისხლში და ჯიშში, ან არ გაქვს.


ჩემი დევიზია... ცხოვრება წინაა...


ჩემი კერპი... ჩერჩილი.


ჩემთვის მისაბაძია... ბევრი კეთილი ადამიანი, რომლებსაც არც კი ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ იყვნენ, არიან და იქნებიან.


მინდა დამიმახსოვრონ, როგორც... კარგი მამა, პაპა, მეგობარი...


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner