logo_geo
eng_logo
ამალი- დევდორაკის ხეობიდან მოქალაქეების გამოყვანა დილიდან დაიწყება
- +

24 ივნისი. 2016. 01:38


ამალი-დევდორაკის ხეობიდან მოქალაქეების გამოყვანა დილიდან ვერტმფრენების საშუალებით დაიწყება. 60-მდე ადამიანი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

 

ხეობაში უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია.


არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ხეობაში სტიქიური მოვლენების გააქტიურების  საფრთხე აღარ არსებობს, თუმცა ცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ -135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია.


მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეჟიმის დაწესება, ამალი-დევდორაკის ხეობაში უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნამ განაპირობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ხეობაში მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს, ოპერატიულად აცნობა შესაბამის ორგანოებს, რის შემდეგაც საავტომობილო გზა დაუყოვნებლივ ჩაიკეტა.


„დევდორაკიდან" მიღებული ზვავსაშიშროების განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ, განხორციელდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის" თანამშრომელთა ევაკუაცია.


ამჟამად, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების, ასევე ფიზიკური პირების გადაადგილება შეჩერებულია.


შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს. პროცესებზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება - რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაცია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს მოქალაქეების ევაკუაცია და საკონტროლო შემოფრენა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner