ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა და 2,700-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოები გადავსებულია და დანგრეულია უამრავი შენობა.
შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია.
ლიბანის პრეზიდენტმა, ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების, შემდეგ, შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობის მობილიზაცია გამოაცხადა და დაავალა, რომ სიტუაციის მოგვარებაში ჩაერთონ.
ასევე, მან სამხედრო მოსამსახურეებს დაზარალებულ რაიონებში პატრულირება დაავალა, რათა უსაფრთხოება უზრუნველყონ. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოაცხადა.
ამასთან, „წითელი ჯვრის“ ლიბანის სამსახურმა ნებისმიერი სისხლის ჯგუფის დონორს მობილიზება სთხოვა.
CNN-ის ინფორმაციით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების ბიძგები 240 კილომეტრის მოშორებით მდებარე კვიპროსშიც იგრძნობოდა.