პარლამენტის ყოფილი წევრი გიორგი ცაგარეიშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მხრიდან ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. „დღის ქრონიკის“ ეთერში ცაგარეიშვილმა გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას „ხაზინის ქურდები“ უწოდა და აღნიშნა, რომ მათ ყველანაირი მორალური ზღვარი უკვე დიდი ხანია გადალახეს.
„არავითარი საზღვარი არ არსებობს ამ ადამიანებისთვის, არავითარი მორალური ზღვარი არ არსებობს. ეს ზღვარი დიდი ხანია მათ გადალახეს. ხაზინის ქურდი უგულავა, მიტინგების დამრბევი უგულავა, ქალაქის მერი, რომლის დროსაც ხალხს ხოცავდნენ და მაღაზიის თავზე აწყობდნენ, ქალაქის მერი, რომლის ქუჩებშიც უამრავი ახალგაზრდა გამოასალმეს სიცოცხლეს და მას ნერვი არ ატოკებია არასოდეს ამ მთელი 9-10 წლის მანძილზე. და მეორე ხაზინის ქურდი, რომლის უშიშროების საბჭოს მდივნობის დროს 8 მილიონი არის უკვალოდ გამქრალი უშიშროების საბჭოს სამდივნოდან, ადამიანი, რომელიც კვებავდა ყველანაირ აგრესიულ იდეას მიხეილ სააკშვილის ზეობის ხანაში, გიგა ბოკერია, ხელს იშვერენ ირაკლი ჩიქოვანისკენ და მას აკრიტიკებენ, უწუნებენ ამჟამინდელ პოზიციას“, - ამბობს ცაგარეიშვილი.
მისი აზრით, გიგი უგულავა, რომელიც ასევე კენჭს ზუგდიდში იყრის, ირაკლის ჩიქოვანისთვის კონკურენტს არ წარმოადგენს.
„მე ვფიქრობ, რომ ირაკლის სანერვიულო არაფერი აქვს. ღმერთმა უბოძა მას, გიგი უგულავასნაირი კონკურენტი. ეს არის ძალიან კარგი, მე ვფიქრობ, მისთვის, როგორც თეთრი და შავი ისე გამოჩნდება ყველაფერი ზუგდიდში. რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს ზუგდიდში გამარჯვებისა ხაზინის ქურდს, რომელმაც 50 მილიონი ლარი მოჰპარა თბილისელებს და ერთი თეთრიც არ დაუბრუნებია „ევროპულ საქართველოს“. სხვათა შორის, არც კოვიდის ფონდში გადაურიცხავთ ადამიანებს, როცა საქართველოს პარლამენტის წევრები „ქართული ოცნებიდან“ მთელი თვეების მანძილზე თავისი ხელფასის მესამედს რიცხავდნენ. ესეც ვერ გაიმეტეს ამ ხაზინის ქურდებმა“, - განაცხადა ცაგარეიშვილი.