logo_geo
eng_logo
ბუბა კუდავა: 7000 ლარი ვერ გამოუყვიათ გიორგი კვინიტაძის სამხედრო სამოსის აღსადგენად!
- +

24 ივნისი. 2016. 02:23


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსის შესახებ წერს, რომელსაც აღდგენა ესაჭიროება:


 

„ჩვენ ვართ თავმოუბმელი და გულში მჯიღის მობრაგუნე სახელმწიფო და საზოგადოება!

 

2011 წელს გიორგი კვინიტაძის ქალიშვილის სახლიდან პირადად ჩამოვიტანე გენერლის მოგონებების 17 რვეული. მანამდე სხვა საარქივო მასალები, ჩვენი თხოვნით, გენერლის შვილიშვილმა - ნოდარ ოდიშელიძემ გადმოგვცა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

 

- ნანო კვინიტაძესთან სტუმრობისას გენერლის სამოსიც მოვიკითხე - რამე ხომ არ დარჩენილა-მეთქი. არ ახსოვდა. დავძებნიო, დამპირდა. რამდენიმე თვეში, ჩემი ძმის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის - მამუკა კუდავას დახმარებით საშუალო ზომის ყუთი გამოგვიგზავნა. შიგ ფასდაუდებელი რამ - გენერალ გიორგი კვინიტაძის მუნდირი, ჩოხა, კიდევ რამდენიმე სამხედრო სამოსი და ხატი აღმოჩნდა.

 

სამოსი ძალიან იყო დაზიანებული. 2013 წელს მის აღსადგენად საქველმოქმედო აქციაც ჩავატარეთ. შემოსული თანხა მხოლოდ ერთ-ერთი სამოსის აღდგენას ეყო.

 

ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ გაეღო თანხა. დაპირება მივიღეთ, მაგრამ... ხანგრძლივი და დამღლელი ბიუროკრატია, მიწერ-მოწერები და შეხვედრა-დახვედრები, გადარეკვა-გადმორეკვები და კი-კის ძახილები. გადიოდა თვეები...

ახლახანს მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ ამდენი დრო გამოხდა და ისევ ვერ მოხერხდა 7 ათასი ლარის გამოყოფა. არ ვიცი, თანხა ვერ გამონახეს, დაფინანსების მექანიზმი ვერ მოძებნეს, ვერ მოიცალეს, არ აინტერესებთ თუ ყველაფერი ერთად.

 

ეს აღშფოთება არ ეკუთვნის რამდენიმე ადამიანს, რომელთა მოწადინების შემსწრე თავად ვიყავი და რომელთა გვარებს საგანგებოდ არ ვასახელებ.

 

ეს აღშფოთება ეკუთვნის გულში მჯიღის მობრაგუნე და უსუსურ  სახელმწიფოს, რომელსაც წლების განმავლობაში 7000 ლარი ვერ გამოუყვია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს - გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო სამოსის აღსადგენად!

 

(სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ეს გენერალ კვინიტაძის სამხედრო ღირსების სიმბოლოა, ამავდროულად გახლავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროიდან გადარჩენილი ერთადერთი სამხედრო სამოსი)

 

ბედნიერი ვიქნები, თუ ამ პოსტის შემდეგ უცებაღმოჩნდება", რომ აი, სწორედ ახლა აპირებდნენ თანხის გამოყოფას."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner