შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგონას სამძებრო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია 46 მეხანძრე-მაშველი, ოთხი მყვინთავი, ოთხი ნავი, ერთი ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახორციელებს.
უწყების ცნობით, საძიებო სამუშაოებში ასევე ჩართულია სანაპირო დაცვისა და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ამასთან, მიმდინარეობს ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება ოთხ აგვისტოს ღამე შემოვიდა. შეტყობინების თანახმად, ახალგაზრდა გოგონა ხიდიდან გადახტა. უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა მაშველთა ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, -აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.