“ნიკოლა სარკოზის პირველი ქარიშხალი – აგვისტოს ომის დიპლომატიური კულისები. ნაწილი პირველი” – ამ სათაურით აქვეყნებს რადიოთავისუფლება საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მემუარებს, რომელშიც აგვისტოს ომს ძალიან დიდი ადგილი ეთმობა.
ნიკოლა სარკოზი დეტალურად იხსენებს მოლაპარაკებებს და მის როლს ამ ომში. თარგმანიც ეკუთვნის “რადიოთავისუფლებას”.
6-პუნქტიანი გეგმა, თბილისი წყვდიადში, სარკოზი პუტინისთვის მიცემულ პირობას ასრულებს მოქმედება ჯერ კიდევ მოსკოვში ხდება. სარკოზი თავის გუნდთან ერთად განცალკევდა და ექვსპუნქტიანი სამოქმედო გეგმა ჩამოწერა.
„ამ გეგმის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უნდა დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია. რუსული ჯარი რჩებოდა მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამგვარად, საქართველოს ტერიტორიის 90% (სინამდვილეში საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიის 80%-ს – ლ. ო.) განთავისუფლდებოდა. ეს არ იყო იდეალური გამოსავალი, მაგრამ ეს ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ქვეყნის სრული ოკუპაცია. პუტინი დამთანხმდა ასევე, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების მომავალი სტატუსი უნდა განსაზღვრულიყო ჟენევაში რუსულ-ქართული მოლაპარაკებების ფორმატში. (…) ამგვარად, შევძელით კატასტროფული სცენარისთვის თავის არიდება.“
ახლა საფრანგეთის პრეზიდენტს ქართველები უნდა დაერწმუნებინა. სარკოზის თვითმფრინავი თბილისში საღამოს 10 საათზე დაჯდა. საქართველოს დედაქალაქში უკუნი სიბნელე სუფევდა.
„ქვეყანაში ომი მიდიოდა და ოკუპანტის ტანკები აეროპორტიდან 25 კმ-ის მოშორებით იდგნენ. (…) არასდროს აქამდე ასე ახლოს არ ვყოფილვარ ფრონტის წინა ხაზთან. ქალაქში ცხოვრების ნიშანი არ იგრძნობოდა – გარშემო ყველაფერი წყვდიადს მოეცვა. (…) ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის სასახლე. (…) სასახლე ქალაქის ამაღლებაზე იყო განთავსებული და შენობა ძალზე აგრესიულად იყო განათებული, რაც უცნაურ კონტრასტს ქმნიდა წყვდიადით მოცულ დანარჩენ ქალაქთან. იქ იგრძნობოდა დიდი ეგზალტაცია, რომელიც ისტერიაში გადადიოდა. ქვეყნის ლიდერებს აქ, ძალაუფლების ამ უკანასკნელ კუნძულზე, შეგროვილი ჰყავდათ ყველაზე შემართული მომხრეები. უკანასკნელ კუნძულზე, რომლის ბოლომდე დაცვისთვისაც ისინი სრულ მზაობას გამოხატავდნენ“.
პრეზიდენტი სარკოზი და მისი დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტში შედიან.
„სააკაშვილის კაბინეტში გულწრფელი და ემოციური დახვედრა მომიწყვეს. იქვე იყვნენ ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, რომლებიც იქ ყოფნით გამოხატავდნენ თანადგომას. ერთ-ერთ კუთხეში დავინახე ორი კაცი, რომელიც განცალკევებულად იდგა. მათ ეტყობოდათ, რომ ქართველები არ იყვნენ. ვიკითხე, ვინ იყვნენ ისინი და იქ რას აკეთებდნენ. ამიხსნეს, რომ ეს ორი ადამიანი სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლები იყვნენ. მოვითხოვე, რომ მათ იმწამსვე დაეტოვებინათ ოთახი. მე მსურდა საქართველოს ლიდერებთან პირისპირ, უცხო მოწმეების გარეშე საუბარი“.
სანამ 6-პუნქტიან შეთანხმებაზე დაიწყებდნენ საუბარს, სააკაშვილმა სარკოზის პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან სიტყვით გამოსვლა შესთავაზა. სარკოზი წერს, რომ პრეზიდენტის სასახლეში ღია ფანჯარაში ხალხის სკანდირების ხმა ისმოდა (სავარაუდოდ ისინი ამ დროს უკვე პარლამენტის შენობაში იყვნენ). სარკოზი წერს, რომ სააკაშვილის შეთავაზება საკმაოდ მაცდური იყო, მაგრამ ის კრემლში მიცემულ სიტყვას ვერ გატეხდა.
„დიდი ენთუზიაზმით გამსჭვალულმა სააკაშვილმა შემდეგი სიტყვებით მომმართა: “150 ათასი კაცია შეგროვილი სასახლის გარშემო. ისინი შენს სახელს სკანდირებენ. ტრიბუნა და მიკროფონები უკვე მზადაა. შენ მათ უნდა დაელაპარაკო”. სააკაშვილმა გააღო ორმაგი ფანჯარა და ქუჩიდან შემოსულმა ხმაურმა შეავსო ოთახი. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინადადება ძალზე მაცდური იყო, იძულებული ვიყავი, კატეგორიული უარი მეთქვა – მე როგორც პუტინისათვის, ისე მედვედევისთვის სიტყვა მქონდა მიცემული, რომ თუ რუსეთის ჯარი გავიდოდა, მე ერთ სიტყვას არ ვიტყოდი მათ წინააღმდეგ. არადა გარეთ უკიდურესად ეგზალტირებული ხალხის მასა ჩემგან სხვას არაფერს მოითხოვდა, თუ არა რუსების მკაცრად დაგმობას. მე მესმოდა, რა თქმა უნდა, ქართველების, მაგრამ იმ წამსვე, როცა გამოვიდოდი შუამავლის როლიდან და მხარე გავხდებოდი, დავკარგავდი ყველა იმ პრეროგატივას, რომელიც მიუკერძოებელი მომლაპარაკებლის სტატუსმა მომანიჭა“.
„საქართველოს პრეზიდენტი უკანასკნელად შეეცდება ჩემს გადარწმუნებას“ – იხსენებს სარკოზი და ასე აღწერს სააკაშვილთან დიალოგს:
„შენ რომ მათ სიტყვით არ მიმართო, ისინი აქ ყველაფერს დაანგრევენ”. “რაც უნდათ ის დაანგრიონ. მე სიტყვა მივეცი რუსებს და მას არ დავარღვევ. რუსეთის ტანკებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ ტერიტორია – ჩემი აზრით, ესაა ერთადერთი, რაც ამ წუთასაა მნიშვნელოვანი“.
კრემლის ყურები და ცივი ომის აჩრდილი თბილისში, სარკოზის „ან – ან“ და სააკაშვილისთვის მიუღებელი პუნქტი
როგორც სარკოზი წერს, იცოდა, რომ რუსები გულმოდგინედ ადევნებდნენ თვალს, რას იტყოდა სახალხოდ თუ პირად საუბრებში. ის მიანიშნებს, რომ მისი თბილისში საუბრები შესაძლოა ისმინებოდა კიდეც:
„ერთი წუთითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ რუსებს გააჩნდათ საკმარისი ტექნოლოგიური თუ ადამიანური რესურსი, რათა ზედმიწევნით სცოდნოდათ თუ რა ხდებოდა თბილისში. მოკლედ, უკვე შუაღამე იყო დამდგარი, როცა საგნობრივი საუბარი დავიწყეთ. მე შევეცადე ამეხსნა, რომ ან საქართველო მიიღებდა ჩემს გეგმას ან თბილისი რუსების ხელში აღმოჩნდებოდა და ეს იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული“.
სარკოზის ახსოვს, რომ სააკაშვილისთვის მიუღებელი იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მომავალი სტატუსი საერთაშორისო დისკუსიის საგანი უნდა გამხდარიყო. იგი დღესაც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მხრიდან ეს შეცდომა იყო, რადგან, სარკოზის აზრით, ეს მოლაპარაკებები გახდებოდა გარანტია, რომ არსებულ მდგომარეობას – რუსების მიერ საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპირებას – არ მისცემოდა იურიდიული სტატუსი.
„ღამის პირველ საათზე დავურეკე მედვედევს და ვთხოვე, რომ ეს პუნქტი ამოეღოთ. ეს მით უმეტეს ადვილი იყო რადგან რუსეთის ჯარი ისევ რჩებოდა ამ ტერიტორიებზე. საპასუხოდ მედვედევმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადამიხადა. აშკარა იყო, რომ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო. ქართული სისტემა ბევრად უფრო გამჭვირვალე იყო კრემლის ყურებისათვის, ვიდრე ეს ჩემს მასპინძლებს წარმოედგინათ!“
სარკოზის გაუკვირდა, რომ მედვედევი დათანხმდა მის წინადადებას. ბრძანებაც კი გასცა, რომ სამხედრო ძალებს უკან დაეხიათო.
„ეს იყო სრულიად მოულოდნელი წარმატება. დილის სამ საათზე პარლამენტის ეზოში პრესკონფერენცია ჩავატარე. (…) თუმცა საქმე არ გახლდათ სრულად მოგვარებული. პირველ რიგში მე უნდა დამერწმუნებინა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ საქმე საუკეთესო გარიგებასთან გვქონდა. და ყველა ამ აზრის არ იყო – აღმოსავლეთ ევროპა მზად იყო, რუსების წინააღმდეგ მუშტი-კრივში ჩაბმულიყო და მათ სულაც არ აშინებდათ ცივი ომის აჩრდილი. ცივი ომის აღორძინება კი იყო ის, რისი თავიდან არიდებაც მე ნებისმიერ ფასად მინდოდა“.
ევროპელი პარტნიორების დარწმუნება, აგვისტოს პარადოქსი და სააკაშვილის ორმაგი შეცდომა
1 სექტემბრისათვის საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსით მოიწვია ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომა ბრიუსელში, სადაც, ანგელა მერკელის დახმარებით დაარწმუნა აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები. ასევე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ქართულ-რუსული ფრონტის ხაზზე ევროპული სადამკვირვებლო მისია უნდა განლაგებულიყო. ამის შემდეგ სარკოზი კიდევ ჩადის მოსკოვში, რათა კიდევ ერთხელ მოითხოვოს რუსული ჯარის დაბრუნება 7 აგვისტომდელ პოზიციებზე.
„8 სექტემბერს მედვედევთან შეხვედრისას მოვითხოვე ჯარის გასვლის ზუსტი და სავალდებულო გრაფიკი. მინისტრ ლავროვთან ერთი შეტაკების შედეგად, რომელიც ძალზე აგრესიული იყო, მივაღწიე შეთანხმებას, რომ ევროპელი დამკვირვებლების განთავსებიდან ორი კვირის თავზე რუსეთის ჯარი დატოვებდა ახლად ოკუპირებულ ტერიტორიას. 2008 წლის დასასრულს ნათელი იყო, რომ საქართველომ მოახერხა გადაერჩინა საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რუსეთის ჯარები რჩებოდნენ მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც ისინი კონფლიქტამდეც იყვნენ განთავსებული. ევროპამ შეძლო შეენარჩუნებინა ერთიანობა და დარჩენილიყო დასაწყისიდან დასრულებამდე ამ კრიზისის მოგვარების ერთადერთ ორგანიზატორად“.
სარკოზი ამბობს, რომ აგვისტოს ომის მოლაპარაკებებმა მასა და პუტინს შორის ნდობა გაამტკიცა. ის ასევე წერს, რომ მისი მტკიცე სურვილი იყო, კონფლიქტის მოგვარება ამერიკელების გარეშე, ვინაიდან
„ამერიკელები, გადაიყვანდნენ რა ამ კონფლიქტს ამერიკულ-რუსულ დაპირისპირებაში, მხოლოდ გაამწვავებდნენ სიტუაციას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელები მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და ამის გამო ჯორჯ ბუშის დიდი მადლობელი ვარ. პარადოქსია, მაგრამ ამ გამოცდილების შემდეგ საოცრად გაიზარდა ნდობის დონე ჩემსა და რუსეთის ლიდერებს შორის. პუტინმა სიტყვა არ დაარღვია. (…) ამიერიდან ჩვენ შეგვეძლო მათთვის სრული ნდობა გამოგვეცხადებინა“.
რაც შეეხება სააკაშვილს, სარკოზი „ქარიშხლების ეპოქაში“ მის მიმართ ამბივალენტური გრძნობების შესახებ წერს:
„ჩემი აზრი მის შესახებ არაერთგვაროვანია. ეს იყო ღირსეული ადამიანი, მომავლის ნათელი ხედვით. სხვათა შორის, ის ერთ-ერთი იმ პოლიგლოტთაგანია, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მაგრამ იგი ორმაგად შეცდა. პირველ რიგში – ის მწარედ შეცდა, როცა წარმოიდგინა, რომ ამერიკელები მისი გულისთვის ომში ჩაერთვებოდნენ. ამას გარდა, მან ეს დაპირება ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისგან მოისმინა. ის რომ კარგად დაფიქრებულიყო, მიხვდებოდა, რომ ეს ცარიელი სიტყვები იყო… ორი ასეთი შეცდომა კი მეტისმეტია“.
აგვისტოს ომის შესახებ 13 გვერდი ნიკოლა სარკოზის 500-გვერდიანი მემუარიდან ასე სრულდება:
„ეს იყო პირველი ჭეშმარიტი ქარიშხალი, რომელიც მე, როგორც ევროგაერთიანების თავმჯდომარემ ვიწვნიე და ბედნიერი ვიყავი მასში მოპოვებული დიპლომატიური გამარჯვებით. ეს იყო კარგი მაგალითი იმისა, რომ როცა ევროპას გააჩნდა ნება, მას ბევრი რამის გაკეთება შეეძლო!“