სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგონას ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე რიონში დაკარგული გოგონას საძიებო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა.
საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.