შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს მინისტრმა „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებთან შეხვედრაზე არ გამორიცხა, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მღებრიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კვალიფიკაციის შეცვლაში განსაკუთრებული არაფერია და ეს გამოძიების პროცესში გახდება ცნობილი.
ვიქტორ დოლიძემ შს მინისტრს გულისხმიერებისთვის და შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ ყველაფერი კეთდება და მაქსიმალური ძალისხმევაა მიმართული, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ასეც მოხდება", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი, ვინ შეიძლება იყოს სავარაუდო ეჭვმიტანილი ან რა შეიძლება იყოს მომხდარის მოტივი, დოლიძის თქმით, მინისტრმა აღნიშნულ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.