logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან რაგბს უდიდესი მხარდაჭერა აქვს
- +

24 ივნისი. 2016. 11:37



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში მიმდინარე რაგბი ევროპის 96-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.



პრემიერის თქმით, საქართველო მოხარულია, რომ აღნიშნულ ასამბლეას მასპინძლობს.



ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ რაგბი ევროპის ასამბლეას საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ამ ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წაადგება რაგბის განვითარებას საერთაშორისო მასშტაბით. რაგბს უდიდესი მხარდაჭერა აქვს საქართველოში, სახელმწიფოს მიერ. წლების განმავლობაში, იმ უდიდესი პატრიოტიზმის შედეგად, რომელიც გამოიჩინეს ქართული რაგბის მესვეურებმა და რაგბისტებმა, ეს სპორტის სახეობა ჩამოყალიბდა ეროვნულ სახეობად. სახელმწიფოს, რაგბის კავშირის და კერძო სექტორის ხელშეწყობით, აშენდა რაგბის ინფრასტრუქტურა საქართველოში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ფონდ „ქართუ" შეტანილ წვლილზე ისაუბრა.



განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ფონდ, ქართუს" წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. აშენდა 16 სტადიონი და მოხდა რეაბილიტაცია. განხორციელდა 80 მილიონი ლარის ინვესტიცია. ეს არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის", - აღნიშნა პრემიერმა.



გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ რაგბისტებს და აღნიშნა, რომ მათ ურთულეს პირობებში შეძლეს ქვეყნის სახელის დაცვა.



საქართველო რაგბის ქვეყანა გახდა. ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ რაგბისტებს, რომლებმაც ურთულეს პირობებში შეძლეს დაეცვათ საქართველოს სახელი საერთაშორისო მასშტაბით. 2017 წელს, ვმასპინძლობთ 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს და მინდა, მზაობა გამოვთქვა, რომ უმაღლეს დონეზე ჩატარებული იქნება ეს სპორტული ღონისძიება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



24-25 ივნისს, თბილისი რაგბი ევროპის 96-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს 75 დელეგატი, 40-მდე ქვეყნიდან ეწვია.



თბილისში იმყოფება რაგბი ევროპის პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ოქტავიან მორარიუ.



კონგრესზე განსახილველი საკითხების ერთ-ერთი მთავარი თემა ტურნირების განრიგის დაგეგმვა იქნება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner