”ეს ფილმი აუცილებელია, ეჭვიც არ მეპარება, რომ ობიექტური იქნება“, - ამბობს პოეტი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი მზია ხეთაგური დოკუმენტურ ფილმზე „ცხინვალი 1920“, რომელსაც ქართველი ისტორიკოსები უახლოეს პერიოდში გადაიღებენ.
პოეტი 1920 წელს ჯავის რაიონში ოს ბოლშევიკთა აჯანყებასაც ეხმაურება, რომელსაც რუსეთის ბოლშევიკური ორგანიზაცია უმაგრებდა ზურგს. მისი თქმით, მოვლენები მის ოჯახსაც შეეხო, როცა ოსი ბოლშევიკები თავს დაესხნენ ცხინვალის ქართულ მოსახლეობას:
- 1920 წელს დედაჩემი დაიბადა, პაპას 11 შვილი ჰყავდა, დედა მეთერთმეტე, ნაბოლარა გაჩნდა. ოსი ბოლშევიკები რომ დაეცნენ თავს ცხინვალში ქართულ მოსახლეობას, ჯერ კიდევ აკვნის ბავშვი იყო. ქართველები იძულებულები იყვნენ, ტყეში გახიზნულიყვნენ, ბუნებრივია, რაც შეეძლოთ, ტვირთიც თან მიჰქონდათ.
წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ბებიაჩემი ამდენი შვილით გზაზე, პაპაჩემს პირმოკრული ტომარა მიჰქონდა და ზურგზე დედაჩემის აკვანი ედგა, მხრებით იმაგრებდა ტვირთს, უძლიერესი კაცი იყო. რომ მირბოდნენ, ერთ-ერთმა მეზობელმა დაიძახა, გვეწევიან, ამდენი შვილი გყავს, ეგ აკვანი დააგდე, თორემ ყველანი დაიღუპებითო. პაპაჩემს უთქვამს, ნაბოლარა შვილს როგორ მივატოვებო.
და მაინც, როგორღაც შეძლეს და შეასწრეს ტყეში.
ყველა კარგი შვილი ჰყავდა პაპას, დედაჩემი კი მართლა განსაკუთრებული იყო: სკოლაში სულ აქებდნენ, არაჩვეულებრივად უკრავდა პიანინოზე, ჭკვიანი, გონიერი ბავშვი იყო, როცა უყურებდა დედას, როგორ კითხულობდა ლექსებს, როგორი ცოდნა ჰქონდა, იტყოდა, აბა, რომელი მყავს ასეთი შვილი, აკვნიანად რომ დამეგდოო...
მავანს სურს ცხინვალის 1920 წლის მოვლენები ოსი ხალხის გენოციდად გადააქციოს და გაეროს ამის აღიარებას სთხოვენ...
დრო გადის, მაგრამ რუსეთის იმპერიის პროვოკაციები მაინც იგივე რჩება, არანაირი ნიჭი არ აქვთ, რომ რაიმე სხვა მხრიდან მოუარონ საკითხს, ერთი და იგივე პროვოკაციებს იყენებენ, უნდათ, რომ საქართველო დაიპყრონ, რომელიც კავკასიის ხერხემალია. მისი გადატეხვა უნდათ მცირე ეროვნებების აჯანყებით.
ამიტომ ჯერ კიდევ 1920 წლიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ისინი ახელებდნენ ოსებს და უსევდნენ ქართველებს, ქართულ ოჯახებს, ანადგურებდნენ და აკვლევინებდნენ, ამ ამბებში რუსებიც იყვნენ ჩარეულები, წარმოიდგინეთ - ფიზიკურადაც.
- ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსებისა და მკვლევრების ფილმზე რას იტყვით, რომლებიც მასალებს აგროვებენ და სურათის ობიექტურ აღდგენას აპირებენ...
- ეს ფილმი აუცილებელია, ეჭვიც არ მეპარება, ობიექტური იქნება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ოსი ხალხის საწინააღმდეგო, ან მათი შეურაცხმყოფელი კადრები გადაიღონ, არამედ ეს ფილმი უნდა იყოს ოსებისთვის გაკვეთილი, თუ რამდენად ჩაუდო მათ თავში ნაღმები თავის დროზე რუსეთის იმპერიამ და როგორ აფეთქებენ მათ აზროვნებას,
თუ ისინი რუსებს ხელს შეუწყობენ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობასა და კავკასიაში არეულობაში, მაშინ ჩათვალონ, რომ თვითონაც განწირულები იქნებიან, რომ საკუთარ თვითმყოფადობას დაკარგავენ და ვერ გადარჩებიან, როგორც ერი, ასიმილაცია დაემუქრებათ. და რომ ისინი მხოლოდ საქართველოს წიაღში შეინარჩუნებენ საკუთარ კულტურას, ენას, თვითმყოფადობას.
ჩრდილოეთ ოსეთს რომ უწოდებენ, ის ჩრდილოეთი კი არ არის, ნამდვილი ოსეთია. ჩრდილოეთი იმიტომ უწოდეს, რომ სამხრეთ ოსეთი გაემართლებინათ, სინამდვილეში სამაჩაბლო იყო ოდითგანვე, სადაც უამრავი ხე - რცხილა ხარობდა და რცხილნარი ერქვა. ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს და უფრო ადრეც, ვიდრე ქალაქად გადაიქცეოდა, დაბის მაგვარი დასახლებები სულ იყო ცხინვალის ადგილას.
საქმე ისაა, რომ რუსების მიერ შეცდენილია ძალიან ბევრი სხვა ეროვნება, თუნდაც ჩუქჩები, რომელთაც ისე გადაუარეს რუსებმა, საკუთარი გვარი აღარ აქვთ, არც ენა, ჩუქჩა ყველგან ივანოვი, პეტროვი ან ვასილევია... საკუთარი გვარი დაკარგეს, სამი რუსული გვარია დარჩენილი მხოლოდ.
ზუსტად ეგ ელის ოსსაც და კავკასიის სხვა ეროვნებასაც, რომელიც ვერ გააცნობიერებს, რომ საქართველოსთან ბრძოლა არის რუსეთის ბრძოლა კავკასიის დასაპყრობად, და ამ ფილმში ეს კარგად უნდა ჩანდეს.
ამ ფილმის გადაღება აუცილებელზე აუცილებელია, ოღონდ სიფრთხილეა საჭირო, რომ არ იყოს შეურაცხყოფილი ოსი, როგორც პიროვნება, ოსი, როგორც ეროვნება და ადამიანი. ფილმში აუცილებლად უნდა იყოს აქცენტირებული ოსების ღირსებები, სხვანაირად ამას რუსეთიც ხელზე დაიხვევს და ისევ სათავისოდ გამოიყენებს და ოსებიც გამწარდებიან.
ფილმში ისეთი დეტალებიც უნდა ჩანდეს, რომლებიც ადვილად აუხსნის ოსებს, რომ ისინი კი არ არიან დამნაშავენი, არამედ ის პოლიტიკაა დამღუპველი, რომელმაც ისინი მცდარი გზით წაიყვანა - რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა.