დილიდან შსს-ს ვერტმფრენით დარიალის მამათა მონასტერში შეფარებული 70 ადამიანის, მათ შორის უცხოელი ტურისტებისა და საბაჟო ტერმინალის თანამშრომლების გადმოყვანა დაიწყო.
ადგილზე დილიდან მუშაობენ გეოლოგები, სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა ადიდებულმა თერგმა წაიღო. თერგმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარე ამ დროისთვის სამანქანო გზაზე მიედინება. ღვარცოფის შედეგად დაახლოებით ერთ კილომეტრამდე გზის მონაკვეთი გარესამყაროს მოწყდა.
გარდა ამისა, ვერტმფრენია გამოყოფილი გეოლოგებისთვისაც, რომლებიც მყინვარს დაათვალიერებენ.
სპეციალისტების განცხადებით, გზის აღდგენას სულ მცირე ორი ან სამი კვირა დასჭირდება. მათივე თქმით, აღდგენითი სამუშაობი არ დაიწყება, სანამ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და გეოლოგები ამის ნებართვას არ გასცემენ.