stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, საიდანაც 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 17 წლის ჩათვლით ბავშვების საკომპენსაციო პაკეტს მოხმარდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.
როგორც მან აღნიშნა, stopcov ფონდში მობილიზებული თანხა ასახულია ბიუჯეტში და მისი მიზნობრიობა სწორედ პანდემიის გამო მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ღონისძიებებს უკავშირდება.
„დღეის მდგომარეობით, stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, 134 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 34 მლნ ლარი შემოიტანა სხვადასხვა შემომწირველმა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვის დროს, ცალსახად ითქვა, რომ stopcov ფონდის თანხები ჩაირიცხებოდა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე და საჭიროების შემთხვევაში, მიიმართებოდა ან უშუალოდ covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე ან პანდემიით მიყენებული ზიანის კომპენსაციაზე და სოციალურ პროექტებზე. შესაბამისად, ახლა, როდესაც დაანონსდა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ღონისძიებები, ბავშვების დახმარების პაკეტი სრულად დაფინანსდება სწორედ stopcov ფონდიდან”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ოჯახების და მათი შვილების დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტი, გაზრდილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, იქნება ყველაზე ეფექტიანი ღონისძიება ბავშვთა სოციალური მდგომარეობის მხარდასაჭერად კრიზისის განმავლობაში.