logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: მივესალმებთ თუ კომპანიებიც ჩაერთვებიან სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში
- +

7 აგვისტო. 2020. 01:02

 

 

"მივესალმებთ თუ კომპანიებიც ჩაერთვებიან სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის და არ იქნება, რომელიმე კომპანია დავიბაროთ და მოვთხოვოთ ამის გაკეთება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სოციალური მხარდაჭერის კუთხით სახელმწიფოსა და ბიზნესის პასუხისმგებლობაზე საუბრისას.

 

„არც თუ ისე შორეულ წარსულში, ჩვენ გვახსოვს, როდესაც ხელისუფლება ეძახდა ბიზნესს და ვითომდა კეთილშობილური მიზნებით მაგალითად, სთხოვდა: ჩაიბარე რთველი, სადღაც ააშენე სასტუმრო, თუნდაც ეს არაპროფილური ბიზნესი ყოფილიყო კომპანიისთვის. თავად ვიყავი ბიზნესში და იყო შემთხვევა, მითხრეს, რომ ფეხბურთის გუნდი უნდა გვეყიდა. შემდეგ მიხსნიდნენ, რამდენად მომგებიანი შეიძლებოდა გამხდარიყო ფეხბურთის გუნდი. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს, კომპანიებს აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა, რაც  მათთვის რეპუტაციულად ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში მსხვილი კომპანიები ცდილობენ სწორედ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დამყარებული ღირებულებები წარმოაჩინონ.

 

„ზოგადად, საუბარია იმაზე, რომ კომპანიებს აქვთ ღირებულებები და ისინი იქცევიან როგორც მოქალაქეები - ანუ აქვთ  პასუხისმგებლობა,  თანაგრძნობა, სოლიდარობა და ა.შ. რაც ძალიან კარგი ტენდენციაა და მსოფლიოში მსხვილი კომპანიები ცდილობენ ადამიანური სახე შეიძინონ. ამ ფარგლებში, რასაკვირველია, ჩვენ არათუ მივესალმებთ პირიქით, ძალიან დადებითად ვუყურებთ თუ კომპანიები მით უფრო კრიზისის პირობებში, ჩაერთვებიან სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში. თუმცა, ჩვენ რომელიმე კომპანიას მოვთხოვოთ ამის გაკეთება - დაუშვებელია. ეს იყო ძალიან მანკიერი პრაქტიკა,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ბევრმა კომპანიამ საქართველოში ამ კრიზისის პირობებში ბევრი საქველმოქმედო აქცია განახორციელა.

 

„თუნდაც ის, რომ შესაძლოა, კომპანიას გაუუარესდა ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ თანამშრომლები შეინარჩუნა, თავისთავად ძალიან დიდი ნაბიჯია. ამიტომ ჩვენთვის ყველზე მნიშვნელოვანი და მთავარია, თუკი კომპანიები გაუფრთხილდებიან სამუშაო ადგილებს. სოციალური მხარდაჭერის პროგრამები სახელმწიფოს ფუნქციაა. ბიზნესის ფუნქციაა, პირველ რიგში, გაუფრთხილდნენ თანამშრომლებს, რადგან ეს არის მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner